სირია

ისრაელმა და იორდანიამ მიგრანტთა ნაკადის გამო სირიის საზღვარზე დაცვა გააძლიერეს

AFP

ისრაელმა ჩრდილოეთით, სირიის საზღვარზე შეიარაღბული ძალების რაოდენობა გაზარდა.

მიზეზს სირიის სამხრეთით მდებარე დარას პროვინციიდან, რომელზეც ბაშარ ალ-ასადის ძალები თავდასხმას აგრძელებენ, გოლანის მაღლობის და იორდანიის საზღვრის მიმართულებით დაძრული მიგრანტების ნაკადი გახდა. ისრაელის საზღვარს უკვე 11,000-მდე ადამიანმა მიაღწია.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მისი მთავრობა "საზღვრების დაცვას გააგრძელებს და მიგრანტებს შეძლებისდაგვარად მიაწოდებს ჰუმანიტარულ დახმარებას, თუმცა საკუთარ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას არ მისცემს."

იორდანიის საზღვართან ამ დროისათვის 20,000-მდე მიგრანტია. იორდანია მათ მიღებაზე უარს ამბობს. ქვეყანაში უკვე 650,000-ზე მეტი რეგისტრირებული სირიელი მიგრანტია, თუმცა რეალური რიცხვი შესაძლოა 1.3 მილიონს აღწევდეს.

სირიელი მიგრანტები იორდანიის საზღვართან
ფოტო: AFP

შეგახსენებთ, რომ გასულ დღეებში, სირიული სამთავრობო მედიის მიხედვით სამთავრობო ძალებს სამხრეთ დარას პროვინციის 5 ქალაქი ჩაბარდა.

გაეროს ინფორმაციით იორდანიის საზღვირს და გოლანის მაღლობის მიმართულებით 160,000-მდე ადამიანს მოუხდა გაქცევა. იორდანია და ისრაელი აცხადებენ, რომ მათ საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ მისცემენ.

გავრცელებული ცნობით, ქალაქ დარაში გამაგრებული ამბოხებულები ასადის მოკავშირე რუსეთთან მოლაპარაკებებს ცდილობდნენ, თუმცა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მათი თქმით შემოთავაზებული პირობები "რთული მისაღებია." არსებული ინფორმაციით რუსულმა მხარემ ამბოხებულებს იარაღის ჩაბარება მოსთხოვა და თქვა, რომ ყველა, ვინც ბრძოლაში მონაწილეობდა ან იარაღს ატარებდა გასამართლდება. ამის შემდეგ პროვინციაზე ასადის ძალების თავდასხმა გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში სირიის სამხრეთით საჰაერო დარტყმები გააქტიურდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიხედვით საჰაერო დაბომბვის დროს, რომელშიც რუსული თვითმფრინავებიც მონაწილეობდა, სამი საავადმყოფო დაზიანდა და 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

საჰაერო თავდასხმა დარაზე
ფოტო: AFP

კომენტარები