ჭუბერი

მაშველებმა სოფელ ჭუბერში, მთაში ჩარჩენილი მოზარდი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა სოფელ ჭუბერში, მთაში ჩარჩენილი მოზარდი ვერტმფრენით ჩამოიყვანეს

​სამაშველო ოპერაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი ხელმძღვანელობდა.

სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა.

კომპანია ნენსკრა ჰიდროს განცხადებით, სვანეთში შექმნილი ვითარება ჰესის მშენებლობას არ უკავშირდება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით". 

სტიქიის ნენსკრა ჰესთან კავშირს გამორიცხავს ჭუბერის რწმუნებულიც. ნინო ვიბლიანის თქმით, "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირ კავშირში ეს ყველაფერი ჰესის მშენებლობასთან არ არის. გუშინ იყო წვიმა და მოწყდა მთის გარკვეული მასა, რომელმაც ჩახერგა მდინარე, რომელიც შემდეგ ერთბაშად წამოვიდა“.

ნენსკრაჰესის მშენებლობას ადგილობრივები წლებია ეწინააღმდეგებიან. ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" მიერ 2017 წელს გაკეთებული განცხადებით, "ვინაიდან ეს რეგიონი [სვანეთი], რომელიც ცენტრალური კავკასიონის მთიანეთის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, მეწყერსაშიშია, ღვარცოფებითა და მცირე მიწისძვრებით გამოირჩევა, სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარე გათხრებმა და ვიბრაციამ შეიძლება პროცესები დააჩქაროს". 

კომენტარები