FIFA

FIFA-ს პრეზიდენტი: თუ ბიჭებს გამოქვაბულიდან დროულად გამოიყვანენ, ფინალზე დავპატიჟებ

0 კომენტარი
ჯანი ინფანტინო ფოტო: FIFA

FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ტაილანდის ფეხბურთის ასოციაციას წერილი გაუგზავნა და თანაგრძნობა გამოხატა გამოქვაბულში ჩარჩენილი ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და მათი ოჯახებისადმი.

ინფანტინოს წერილში აღნიშნულია, რომ თუ ბიჭების გამოყვანა დროულად მოხერხდება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მისცემს, პატარა ფეხბურთელებს და მათ მწვრთნელს რუსეთში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე დაპატიჟებს.

წერილში ნათქვამია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მათი ჩასვლა "უდავოდ შესანიშნავი მომენტი იქნება კომუნიკაციისა და ზეიმისათვის."

ტაილანდის გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 ფეხბურთელის, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათი 25 წლის მწვრთნელის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ამჟამად გამოქვაბულში 5-კილომეტრიანი კაბელის შეყვანაზე მუშაობენ, რათა ჟანგბადის მიწოდება მოხერხდეს.

ჟანგბადის დონე იმ გამოქვაბულში, სადაც ბიჭები არიან, 21%-დან 15%-მდეა შემცირებული.

პატარა ფეხბურთელებს ყვინთვასაც ასწავლიან, თუმცა ბევრმა მათგანმა ცურვაც არ იცის და გამომდინარე იქიდან, რომ დაბალი ხილვადობის გამო გამოცდილ მყვინთავებს გამოქვაბულებამდე მისაღწევად 3 საათი სჭირდებათ, მათი ამ გზით გამოყვანა ჯერჯერობით არ იგეგმება.

სამხედროები მღვიმეების კომპლექსიდან წყლის ამოტუმბვასაც ცდილობენ, თუმცა თუ ეს დროულად არ მოხერხდება, მუსონების სეზონის დაწყებასთან ერთად, გამოქვაბულებში წყლის დონე აიწევს და ბიჭები გამოსვლას რამდენიმე თვის მანძილზე ვერ მოახერხებენ.

არსებობს იმ გამოქვაბულის დატბორვის საშიშროებაც, სადაც ბიჭები იმყოფებიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები