იუსტიციის სამინისტრო

თადუმაძე, შავგულიძე, გოგნიაშვილი - საბჭოს მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი წარედგინა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა. 18 კანდიდატიდან სარჯველაძემ თსუ-ს ასისტენტ-პროფესორის ნინო გოგნიაშვილის, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შალვა თადუმაძის და თავისუფალი დემოკრატების ერთერთი ლიდერის შალვა შავგულიძის კანდიდატურები შეარჩია. 

შალვა თადუმაძის და ნინო გოგნიაშვილის კანდიდატურები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა, შალვა შავგულიძის კანდიდატურა კი - ევროპულმა საქართველომ. 

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენი კანდიდატები კანონის მოთხოვნის შესაბამისად შეირჩა.

კანონის თანახმად, მთავარ პროკურორად შეიძლება აირჩეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს. წარდგენილი სიის ერთი მესამედი, ასევე, კანონის მოთხოვნის თანახმად, ქალია.

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

კომენტარები