ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

შსს: ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 2018 წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი

www.cbc.ca

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრი მოადგილემ თქვა, ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.

რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, 2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3292) ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემს.

მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, დაბალია შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის მაჩვენებელი, რაც მხოლოდ 7%-ს შეადგენს და ძირითადად "მიახლოების აკრძალვის" დარღვევაში გამოიხატება.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა ასევე თქვა, რომ დასრულდა მუშაობა რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და მონიტორინგის მექანიზმზე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 2018 წლის 1 სექტემბრიდან დაინერგება.

"რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციის, ძალადობის განმეორების საფრთხეების წინასწარ განჭვრეტის და განმეორებითი ძალადობის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს", - ამბობს მინისტრის მოადგილე.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე დაინერგება ელექტრონული სამაჯურები, რომლითაც მოხდება მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის კონტროლი.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ დღეს ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება. მეზვრიშვილის თქმით, კანონპროექტის მიხედვით:

  • მკაცრდება სასჯელი ოჯახში ძალადობაზე;
  • გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება ხდება ცალკეული დანაშაულებისთვის;
  • მკაცრდება სასჯელი ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩადენისათვის;
  • შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შსს აგრძელებს აქტიურ მუშაობას ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციისა და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით.

კომენტარები