ჰაერის დაბინძურება

WHO-მ შეცდომა აღიარა - საქართველო ჰაერის დაბინძურებით არა პირველ, არამედ 70-ე ადგილზეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საკუთარი შეცდომა გამოასწორა - თუ ორგანიზაციის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშს დავუჯერებდით, საქართველოს ჰაერი იმდენად მომაკვდინებელი იყო, რომ მთელი პლანეტის მასშტაბით ყველაზე მეტ დაავადებასა და სიკვდილიანობას იწვევდა. ორგანიზაციის წინა შეფასებით, 100,000 კაცზე გაანგარიშების შემთხვევაში, ქართული ჰაერი ყოველწლიურად 292 ადამიანს კლავდა, რაც გლობალურ საშუალოს რამდენჯერმე აღემატებოდა. ეს მონაცემები აშკარად მცდარი იყო, რადგანაც ქვეყანაში, სადაც არც წარმოება და არც ქიმიური ინდუსტრია არ არის განვითარებული თითქმის შეუძლებელია ჰაერის დაბინძურებამ ასეთ მასშტაბებს მიაღწიოს. 2018 წლის განახლებული ანგარიშით კი ორგანიზაციამ მეთოდლოგიური შეცდომა გამოასწორა, რის შედეგადაც საქართველომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით 1-დან 70-ე ადგილზე გადაინაცვლა. განახლებული სტატისტიკით, საქართველოში 100,000 კაცზე 101 ადამიანის გარდაცვალებას იწვევს ბინძური ჰაერი.

რას ითვლის WHO და როგორ დგება ჰაერის დაბინძურების სტატისტიკა

ჰაერის ხარისხს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. თუმცა, როდესაც ჰაერზე მიმდინარეობს საუბარი, უმეტესობა, როგორც წესი ფიქრობს რომ საუბარი შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ჰაერს რომელიც გარეთ - ქუჩებში, ქალაქებში, სკვერებსა თუ ტყეებშია. სინამდვილეში კი ჰაერის ხარისხზე საუბრისას შენობების შიგნით არსებული ჰაერის ხარისხიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გარეთ არსებულის. შესაბამისად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სტატისტიკის შექმნის დროს იყენებს ინფორმაციას, რომელიც შენობის შიდა ჰაერის ხარისხს შეეხება. ეს არ ნიშნავს, რომ WHO-ს ექსპერტები კარ და კარ დადიან და სხვადასხვა ოთახში ჰაერის ხარისხს ზომავენ. ისინი ამ სტატისტიკის მომზადების დროს ეყრდნობიან უკვე არსებულ სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემს. მაგალითად, დადგენილია რომ სათბობი მიზნებისთვის მყარი საწვავის (შეშის) გამოყენება შენობის შიდა ჰაერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბინძურებელია. საქართველოში კი გაზიფიცირების არასრული დაფარვის გამო რეგიონების მოსახლეობა სათბობად და საკვების მოსამზადებლად შეშას იყენებს.

თუმცა, WHO-მ 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, დაუშვა შეცდომა, როდესაც მიუთითა, რომ საქართველოში სუფთა საწვავზე ხელმისაწვდომობა 55% იყო, ხოლო მოსახლეობის 45% კი გასათბობად ბინძურ საწვავს (შეშას) იყენებდა. WHO-მ იხელმძღვანელა 2005 წელს მომზადებული ანგარიშით, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს შეშაზე დამოკიდებულებას ასახავდა. 2005 წელს არსებული მონაცემები კი დღეს სრულიად არარელევანტურია, რადგანაც ქვეყანამ გასული 12 წლის განმავლობაში გაზიფიცირებისთვის მილიონობით ლარი დახარჯა. 

2018 წლის ანგარიშში, WHO-მ იხელმძღვანელა მყარი საწვავის მოხმარების განახლებული მონაცემებით, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სუფთა საწვავზე ხელმისაწვდომობა 78%-ია. ანუ მოსახლეობის 22% იყენებს შეშას. შესაბამისად, კვლევაში განახლებული სტატისტიკის გამოყენებამ საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 88-ე გავიდა.

გარე ჰაერის ხარისხის შეფასება ჰაერის ზოგადი ხარისხის შეფასებისთვის მეორე მნიშვნელოვანი ინდიკატორია. WHO გარემოს ჰაერის შეფასების დროს მთავარ ყურადღებას ამახვილებს ჰაერში მიკრონაწილაკების შემცველობაზე. ჰაერში მილიმეტრის მეათიათასედის ზომის მტვრის ნაწილაკების მაღალ კონცენტრაციას სასუნთქი სისტემის დაავადებათა პროვოცირება შეუძლია. 

2016 წლის კვლევის მონაცემებით, ქართული ჰაერი მეტრ კუბზე 23.3 მიკროგრამ მტვრის ნაწილაკებს შეიცავდა, რითიც მსოფლიოში 86-ე ადგილზე იყო. მაგალითად, პოლონეთის ჰაერში ამაზე მეტი - 25 მიკროგრამი მტვრის ნაწილაკები, ხოლო თურქეთის ჰაერში კი 35 მიკროგრამი მტვრის ნაწილაკები იყო. ანუ ძირითადი დამაბინძურებლის პარამეტრის მიხედვით, ქართული ჰაერი თურქულსა და პოლონურზე სუფთა იყო. საქართველოს ჰაერი ასევე აზერბაიჯანის, ბულგარეთის, სამხრეთ კორეის, ჩილეს, სომხეთის და სხვა ქვეყნების ჰაერზე სუფთა იყო.

2018 წლის ანგარიშის მიხედვით, კი საქართველოს ჰაერი მეტრ კუბზე 24 მიკროგრამ მტვრის ნაწილაკებს შეიცავს, ეს წინა ინდექსთან შედარებით გაუარესებას წამოადგენს, რის შედეგადაც საქართველო ამ კრიტერიუმში მსოფლიოში 76-ე ადგილზე იმყოფება. კვლევის მიხედვით, საქართველოზე ბინძური ჰაერი აქვთ სომხეთს - 32.9 მიკროგრამი, თურქეთს - 41 მიკროგრამი, სამხრეთ კორეას - 24.7 და სხვა ქვეყნებს. 

მეტიც, ერთ მოსახლეზე გაანგარიშების შემთხვევაში მარტივად დავინახავთ რომ საქართველო პლანეტას სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად ნაკლებად აბინძურებს. ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორად ქვეყნების მიერ გაფრქვეული CO2 განიხილება. საბჭოთა კავშირის ჩამოშლასთან ერთად საქართველოს ქარხნების საკვამურებიდან ბოლის ამოსვლა შეწყდა, შედეგად საქართველოს მიერ გაფრქვეულმა სათბურის გაზებმაც იკლო. წარმოდგენილი სტატისტიკა აჩვენებს, თუ რამდენად ნაკლებ CO2-ს გამოყოფს საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით:

თუ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით საქართველო პირველ ადგილზე არ იყო, მაშინ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით რატომ ეწერა საქართველო პირველ ადგილზე?

საქართველოში გასულ წელს დაახლოებით 50 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ამ ადამიანთა გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დადგენა საკმაოდ კომპლექსურია. მაგალითად, მათ შემთხვევაში, ვინც სხვადასხვა ტიპის ტრამვებმა, ან ინფექცეიბმა იმსხვერპლეს, მარტივია გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების გამოკვეთა. მაგრამ მათ შემთხვევაში, ვინც მაგალითად კარდიოვასკულარულმა დაავადებებმა ან სასუნთქი სისტემის არაგადამდებმა დაავადებებმა იმსხვერპლა, სიკვდილის კონკრეტული მიზეზის მითითება რთულდება. ასეთი დაავადებების შემთხვევაში საუბარი შეიძლება არა ერთ, არამედ რამდენიმე რისკ ფაქტორზე, რომელსაც შეიძლება ხელი შეეწყო დაავადების განვითარებისთვის, მაგრამ მისი ზუსტად გამოკვეთა ან რომელიმე რისკზე პირდაპირი მითითება რთულია. მაგალითად, კარდიოვასკულარული სისტემის დაავადებების რისკ ფაქტორებია - ქოლესტერინის მაღალი შემცველობა, მაღალი წნევა, დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება, ჭარბწონიანობა, სტრესი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, აქტივობის დაბალი დონე, ასევე რისკს ფაქტორს წარმოადგენს ჰაერის დაბინძურებაც. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის გაანგარიშების დროს იყენებდა იმ დაავადებების კლასების სრულ გარდაცვალებათა რაოდენობებს, რომელთა რისკ-ფაქტორიც ჰაერის დაბინძურებაა. უფრო კონკრეტულად კი საუბარია ცერებროვასკულარულ, გულის იშემიურ, ობსტრუქციულ პულმონარულ და ფილტვის სიმსივნეებზე. WHO-ს მეთოდოლოგიაშიც ნათქვამია, რომ მართალია გარკვეული კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და ამ დაავადებებს შორის არსებობს, მაგრამ ჰაერის დაბინძურებაზე როგორც ზუსტ მიზეზზე საუბარი რთულია. 2018 წლის მდგომარეობით კი მეთოდოლოგია დაზუსტდა.

ეს 2016 წელს საქართველოში რეგისტრირებული სიკვდილიანობის ოფიციალური მიზეზების ჩამონათვალია. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზებს შორის ჭარბობს, ის დაავადებები, რომლებიც ჰაერის დაბინძურების ინდექსის შედგენისას გამოიყენება, თუმცა გადაჭრით იმის თქმა რომ აღნიშნული სიკვდილიანობა ბინძურმა ჰაერმა გამოიწვია რთულია.

2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში გარდაცვალების წამყვანი მიზეზები ასე ნაწილდება:

  • სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 17 973 ადამიანი
  • სიმსივნეები - 6 819 ადამიანი
  • სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები - 2 480 ადამიანი
  • ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი - 1 627
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები - 1 571 ადამიანი
  • ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები - 763 ადამიანი
  • შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობები - 616 ადამიანი
  • ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა - 554 ადამიანი
  • ნერვიული სისტემის ავადმყოფობები - 474 ადამიანი
  • სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობები - 354 ადამიანი
  • პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა - 363 ადამიანი
  • ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები - 100 ადამიანი
  • თანდაყოლილი ანომალიები - 95 ადამიანი
  • კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობები - 58 ადამიანი
  • ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები - 52 ადამიანი
  • ორსულობა, მშობიარობა - 14 ადამიანი
  • თვალის ავადმყოფობები - 12 ადამიანი
  • ყურის დაავადებები - 5 ადამიანი
  • სხვა დაავადებები/მიზეზები რომლებიც ამ სიაში არ არიან - 16 841 ადამიანი.

განახლებული კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტ სიკვდილიანობას სიერლა ლეონეს ჰაერი იწვევს, რაც 100,000 მოსახლეზე 324 გარდაცვალებას შეადგენს. მეორე ადგილზე ნიგერიაა, WHO-ს შეფასებით, ნიგერიაში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა 100,000 კაცზე 324-ია.

კომენტარები