მკვლელობა ხადას ხეობაში

ხადას ხეობაში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის მ.კ.-ს ბრალი წარედგინა

შსს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის მ.კ-ს ბრალდება წარედგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, დუშეთის რაიონში მდებარე ხადას ხეობაში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მ.კ. შეხვდა ტურისტებს: რ.მ.-ს, მის მეუღლეს ლ.ჯ.-ს და მათ 4 წლის შვილს ქ.ი.-ს, რომლებმაც სთხოვეს ეჩვენებინა მათთვის ხეობაში მდებარე ჩანჩქერი, რაზეც მ.კ. დათანხმდა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ერთ-ერთი ჩანჩქერის სიახლოვეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა მ.კ.-მ სანადირო თოფიდან, 4 წლის შვილისა და მეუღლის თანდასწრებით, ორჯერ გასროლით მოკლა რ.მ. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მ.კ.-მ  ლ.ჯ.-ს და მისი მცირეწლოვანი შვილის - ქ.ი.-ს მკვლელობა გადაწყვიტა. თავის გადასარჩენად ლ.ჯ. ხევის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც  სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მ.კ.-მ, 4 წლის ქ.ი. ასევე თოფიდან გასროლით მოკლა, რ.მ.-ს გვამი და გასროლილი მასრები  მდინარეში გადააგდო, ხოლო ქ.ი.-ს ცხედარი, მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებულ თოვლის ზვავის ქვეშ ბუნებრივად წარმოშობილ მცირე ზომის ქვაბულში გადამალა და შემთხვევის ადგილი დატოვა", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, მ.კ.-ს ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მუხლებით წარედგინა.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ბრალდების მხარემ მ.კ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მცხეთის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა. 

მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. მ.კ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ, 7 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 ან მეტი პირის, მათ შორის დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული მ.კ დააკავა.

მოკლულები არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი. შსს-ის ცნობით, 112-ზე საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 ადამიანის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ შეტყობინება 6 ივლისს შევიდა. 

შსს-ში აღნიშნავენ, რომ ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ სამართალდამცველებმა სოფელ წკერში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. ცოლ-ქმრის ცხედარი კი 6 ივლისს, შაბათს იპოვნეს.

უწყების განცხადებით, პირველადი დათვალიერებით არც ერთ დაღუპულს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა, ამიტომ თავდაპირველად გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო, თუმცა, სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემის მიღების შემდეგ, საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულმა მ.კ.-მ ჩადენილი დანაშაული აღიარა და სწორედ მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 4 წლის ბავშვის ცხედარიც. 

კომენტარები