საპროკურორო საბჭოს სხდომა

კახიძე: საპროკურორო საბჭო ივანიშვილის და ხელისუფლების სრული გავლენის ქვეშაა

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ დღეს საპროკურორო საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. კახიძემ მოითხოვა, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება მედიისთვის ღია ყოფილიყო, რაც საბჭომ არ დააკმაყოფილა. 

"საპროკურორო საბჭოს სხდომის გახსნისთანავე დავაყენე პროცედურული საკითხი, რომ საბჭოს სხდომა, რომელზეც მხოლოდ ერთი საკითხი, მთავარი პროკურორის კანდიდატების შერჩევა-გასაუბრება არის შესული, ყოფილიყო ღია საზოგადოებისთვის. ვინაიდან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მიიღოს პასუხები პირდაპირ რეჟიმში კანდიდატებისგან და შეაფასოს მათი კვალიფიკაცია, მაგრამ საპროკურორო საბჭომ ეს მოთხოვნა არ გაიზიარა. მინისტრმა წულუკიანმა, რომლის თავჯდომარეობაც საბჭოში არის დაცინვა საზოგადოების, გააკეთა განცხადება, რომ კენჭისყრის პროცესი, ისევე, როგორც ხმის დათვლის პროცესი, მედიისთვის იქნებოდა ღია. ჩემი საკითხი იყო, რომ მთავარი ნაწილი ამ სხდომის, ანუ კანდიდატებთან გასაუბრებაც ყოფილიყო ღია საზოგადოებისთვის და მედიისთვის, მაგრამ საპროკურორო საბჭომ ამაზე განაცხადა უარი. მე ისედაც არ მქონდა ილუზია, რომ საპროკურორო საბჭო იყო მზად აერჩია ივანიშვილის გავლენის ქვეშ არმყოფი პირი მთავარ პროკურორად, რადგან ისინი ხელისუფლების და ივანიშვილის სრული გავლენის ქვეშ არიან. იმისთვისაც კი არ აღმოჩნდნენ მზად, რომ საზოგადოებისთვის ყოფილიყო ღია სხდომა და ამ სიტუაციაში მე ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ სხდომაში მონაწილეობის." - ამბობს ოთარ კახიძე.

იუსტიციის სამინისტროში ამ წუთებში საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. საბჭოს წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ მთავარი პროკურორობის ერთ კანდიდატს უნდა დაუჭირონ მხარი. 

იუსტიციის სამინისტრომ საბჭოს სამი კანდიდატი წარუდგინა, ესენია შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი. შალვა შავგულიძე მთავარი პროკურორის პოსტზე ევროპულმა საქართველომ წარადგინა. 

კომენტარები