მთავარი პროკურორობის კანდიდატი

პრემიერი: თადუმაძე სარგებლობს მაღალი რეპუტაციით პროფესიულ და სამეცნიერო წრეებში

0 კომენტარი
ფოტო: www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე შალვა თადუმაძეს დამტკიცების პროცესში წარმატებებს უსურვებს და დარწმუნებულია, რომ ის დაკისრებულ პასუხისმგებლობას თავს ძალიან ღირსეულად გაართმევს. პრემიერის შეფასებით, შალვა თადუმაძე უაღრესად კეთილსინდისიერი და ძალიან პრინციპული ადამიანია.

„ის ბოლო პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახლდათ, მანამდე კი, 2012 წლიდან მოყოლებული მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო და უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო პროცესების უშუალო მონაწილე. ის სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით, როგორც პროფესიულ, ისე სამეცნიერო წრეებში. მინდა, მას პარლამენტში წარდგენისა და დამტკიცების პროცესში წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ის ძალიან ღირსეულად გაართმევს თავს ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭომ დღეს შალვა თადუმაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. იუსტიციის სამინისტროს საბჭოს სულ სამი კანდიდატი წარუდგინა მათ შორის, შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი.

შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს, რის შემდეგაც მთავარი პროკურორი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს იკავებს. 

მთავარი პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი შოთაძე გადადგა. შოთაძის გადადგომა, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სრალიძის აქციებს მოყვა. სარალიძე მაღალჩინოსნებს მისი შვილის მკვლელების მფარველობაშია დანაშაულებდა და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ღვინჯილია

კომენტარები