სამთავრობო ცვლილებები

ახალი მინისტრების ვინაობა ცნობილია, წულუკიანი თანამდებობაზე რჩება

ტაბულა

ახალი მინისტრების ვინაობა ცნობილია. ისინი რამდენიმე წუთის წინ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარადინა.

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი;
  • ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი, კომპანია "ჯეოსელის" ფინანსური და კომერციული დირექტორი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ქობულია, ამერიკულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "McKinsey & Company"-ის მოსკოვის ოფისის უფროსი პარტნიორი.

რაც შეეხება სხვა მინისტრებს, მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე რჩება დავით ზალკალიანი. სხვა მინისტრების ცვლილების შესახებ მას დღეს არ უსაუბრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თანამდებობაზე რჩებიან. მათ შორის, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანიც, რომელსაც არასამთავრობო სექტორის და მოქალაქეების ნაწილი უნდობლობას უცხადებს.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის გუნდი, რომელიც დამსახურებულად მოიპოვებს პარლამენტის ნდობას, იქნება ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გამტარებელი და დაამკვიდრებს თანამედროვე მართვის მაღალ სტანდარტს ქვეყანაში, რომელიც იქნება ნაკლებად ბიუროკრატიული, ეფექტიანი, მოქნილი და თანამედროვე, მცირე მთავრობის კონცეფციაზე მორგებული", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულმა მათგანმა გასწია ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო.

"ისინი არიან ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი გუნდის წევრები და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თავიანთ ახალ როლში შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას", - თქვა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა გიორგი კვირიკაშვილმა, რის შემდეგაც უფლებამოსილება შეუწყდათ მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს. "ქართულმა ოცნებამ" ახალ პრემიერად ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე დაასახელა, რომელმაც რამდენიმე სამინისტრო გააერთიანა.

კომენტარები