სამთავრობო ცვლილებები

ქობულია, მაჭავარიანი და ბატიაშვილი - რა ვიცით ახალ მინისტრებზე

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ახალი მინისტრები წარადგინა, რომლებიც განათლების, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს უხელმძღვანელებენ.

გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას მათ შესახებ:

მიხეილ ბატიაშვილი

მიხეილ ბატიაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უხელმძღვანელებს. ის ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორი და ამავე უნივერსიტეტის 27%-იანი წილის მფლობელია.

მასთან ერთად, უნივერსიტეტის წილები ეკუთვნით გრიგოლ ბულიას (3%), იოსებ ხუციშვილს (3%), მინდია საბანაძეს (33.5%), ირაკლი თევდორაშვილი (25%), ზაზა ბუაძე (8%).

აღსანიშნავია, რომ საბანაძე, რომელიც უნივერსიტეტში ყველაზე მეტი წილის მფლობელია, რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. ირაკლი თევდორაშვილი კი ამავდროულად არის "პალიტრა მედიის" დამფუძნებელი და 75%-იანი წილის მფლობელი. "პალიტრა მედიის" 25%-ს ასევე განთლების მინისტრობოს კანდიდატის ბიზნეს პარტნიორი, ზაზა ბუაძე ფლობს.

რაც შეეხება მიხეილ ბატიაშვილის სხვა საქმიანობას, ის ზაზა ბუაძესთან ერთად წილებს ფლობს წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორის სკოლაშიც.

გარდა ამისა, განათლების მინისტრობის კანდიდატი ფლობს კავკასიის ტექნოლოგური კლასტერის 37.5%-იან წილს, ასევე აქვს წილები "ტექჰაბ დისში" (10%) და "ტექჰაბ აკადემიში" (20%). ის ასევე არის კომპანია "გლობალ სთარის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი და"გლობალ სტანდარტის" გამგეობის წევრი.

მიხეილ ბატიაშვილი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი, ასევე ამავე უნივერსიტეტის პროფესორების, მკვლევარების, სტუდენრების და ალუმინისს ერთობის გამგეობის წევრიც.

აღსანიშნავია, რომ მისი უნივერსიტეტი მაღალტექნოლოგიური ცენტრის, "სილიკონ ველი თბილისის" ნაწილია, რომელიც 2016 წელს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გახსნა.

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიხეილ ბატიაშვილის წარდგენისას თქვა, რომ მას საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.

"მიხეილ ბატიაშვილი ძალიან ცნობილი ფიგურაა ჩვენს პროფესიულ წრეებში, მისი მუშაობის გამოცდილება უკავშირდება ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაარსებას. წლების განმავლობაში იგი გახლავთ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი და აქვს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის პოსტს დაიკავებს. ის "ჯეოსელის" ფინანსური და კომერციული დირექტორია. კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაჭავარიანმა "ჯეოსელში" მუშაობა 1997 წელს დაიწყო, ხოლო 2006 წლიდან კომპანიის აღმასრულებელი მენეჯმენტის გუნდის წევრია. გარდა ამისა, 2004 წელს იგი დაინიშნა ფინანსური დაგეგმარების და საერთაშორისო რეპორტინგის მენეჯერად, ხოლო 2006 წელს გახდა ფინანსური დირექტორი. საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2012-2015 წლებში მაჭავარიანი იკავებდა კომერციული დირექტორის პოზიციას და პასუხისმგებელი იყო მარკეტინგის, გაყიდვებისა და აბონენტებთან ურთიერთობის მიმართულებებზე. 2015 წლიდან კი საცალო ბიზნეს ერთეულის დირექტორია.

გარდა ამისა, "ჯეოსელის" ვებ-გვერდზე წერია, რომ ივანე მაჭავარიანს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი.    

პრემიერმინისტრმა მაჭავარიანის წარდგენისას თქვა, რომ ტექნოლოგიების კუთხით მისი გამოცდილება თვალსაჩინოა და აქვთ მოლოდინი, რომ ის ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციას შეუწყობს ხელს.

"ივანე მაჭავარიანი წლების განმავლობაში მუშაობდა "თელიასონერას" ჯგუფში შემავალ "ჯეოსელში", ის გახლდათ ფინანსური და კომერციული დირექტორი. ჩვენი რეფორმების დიდი ნაწილი დაკავშირებულია ციფრულ ეკონომიკასთან. იმ რეფორმების დიდი ნაწილი, რომელიც მე წარვადგინე, დაახლოებით 50% საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ვანო მაჭავარიანის გამოცდილება ამ კუთხით არის მართლაც თვალსაჩინო, ის გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადამიანი ამ მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ ის მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში", - თქვა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი ქობულია

გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავებს. ის ამერიკულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "McKinsey & Company"-ის მოსკოვის ოფისში უფროსი პარტნიორის პოზიციაზეა.

კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1996-1999 წლებში ქობულია კომპანია "Merck, Sharp, & Dohme"-ში მუშაობდა, მანამდე კი, 1994-1996 წლებში საქართველოს კარდიოლოგიის ინსტიტუტში.

რაც შეეხება მის განათლებას, საიტზე მითითებულია, რომ ქობულიას განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, ემორის უნივერსიტეტში, ასევე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში.

პრემიერმინისტრმა ქობულიას წარდგენისას თქვა, რომ მას დიდი გამოცდილება აქვს და დაგეგმილი რეფორმების ეფექტურ განხორციელებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს

"გიორგი ქობულია გახლავთ ჩვენი ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ის ფაქტიურად ორი ათწლეულია გლობალურ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ში და ის გახლავთ სენიორ პარტნერი ამ ორგანიზაციის. მინდა ყველას შევახსენო, McKinsey სახელთან ასოცირდება მე-20 და 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გარღვევების, მათ შორის მმართველობითი სისტემის დახვეწის ძალიან დიდი ნაწილი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორიც არის ენერგეტიკა, ეკონომიკის სხვდასხვა სექტორის ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზარი და ბევრი სხვა. დარწმუნებული ვარ, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ რეფორმების ეფექტურად განხორციელებაში, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და რომელიც შეტანილია ჩვენს სამთავრობო პროგრამაში", - მამუკა ბახტაძემ.

-----

საქართველოს პრემიერმინისტრმა ახალი მინისტრების კანდიდატურები დღეს წარადგინა. ისინი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

რაც შეეხება სხვა მინისტრებს, მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე რჩება დავით ზალკალიანი. სხვა მინისტრების ცვლილების შესახებ მას დღეს არ უსაუბრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თანამდებობაზე რჩებიან. მათ შორის, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანიც, რომელსაც არასამთავრობო სექტორის და მოქალაქეების ნაწილი უნდობლობას უცხადებს.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის გუნდი, რომელიც დამსახურებულად მოიპოვებს პარლამენტის ნდობას, იქნება ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გამტარებელი და დაამკვიდრებს თანამედროვე მართვის მაღალ სტანდარტს ქვეყანაში, რომელიც იქნება ნაკლებად ბიუროკრატიული, ეფექტიანი, მოქნილი და თანამედროვე, მცირე მთავრობის კონცეფციაზე მორგებული", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულმა მათგანმა გასწია ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო.

"ისინი არიან ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი გუნდის წევრები და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი თავიანთ ახალ როლში შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას", - თქვა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა გიორგი კვირიკაშვილმა, რის შემდეგაც უფლებამოსილება შეუწყდათ მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს. "ქართულმა ოცნებამ" ახალ პრემიერად ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე დაასახელა, რომელმაც რამდენიმე სამინისტრო გააერთიანა.

კომენტარები