კოკა კობალაძის საქმე

გახარია: პოლიციელები, რომლებიც პოეტ კობალაძესთან სახლში მივიდნენ, გავათავისუფლეთ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, გენერალურმა ინსპექციამ დაადასტურა, რომ გლდანი-ნაძალადევის განყოფილების 2 თანამშრომელი პოეტ კოკა კობალაძესთან სახლში იმყოფებოდნენ და ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა, ისევე როგორც მათი უშუალო უფროსი და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილების უფროსი. 

ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობას უსმენენ. 

"გუშინ დეპუტატებმა დასვეს კითხვა კოკა კობალაძის ქეისთან დაკავშირებით. გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად დადასტურდა ფაქტი, რომ მასთან სტუმრად ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, კერძოდ გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ორი თანამშრომელი, რომლებმაც ამ ვიზიტის ფაქტი დამალეს. ეს ფაქტი გუშინ დადგინდა გენერალური ინსპექციის ძიების შედეგად. იმის გამო, რომ მსგავსი ქმედება სისტემისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ჩვენ მივიღეთ დისციპლინარული დასჯის უმკაცრესი ზომა და ეს ორი თანამშრომელი, მათი უშუალო ხელმძღვანელი და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელი დათხოვილი იქნებიან შსს-ის რიგებიდან, ვინაიდან მსგავსი საქციელის ჩამდენი პოლიციელების ადგილი შსს-ში არ არის.

ყველა მასალა, რომელიც მოიპოვა გენერალურმა ინსპექციამ, გადაეცა მთავარ პროკურატურას და შსს სრულად ითანამშრომლებს გენერალურ პროკურორთან, თუ მსგავსი ფაქტი, რომელზეც კოკა კობალაძე მიუთითებს, დადასტურდება", - თქვა გახარიამ. 

20 წლის პოეტ კოკა კობალაძეს თავს 12 ივლისს დაესხნენ. კობალაძემ დედას, თათა დავითულიანს საავადმყოფოში უთხრა, რომ მასთან სახლში ორი კაცი მივიდა, რომლებიც პოლიციელებად გაეცნენ და მოგვიანებით სცემეს. დავითულიანის ინფორმაციით, თავდამსხმელებს კობალაძის მამის ადგილსამყოფელი აინტერესებდათ, რომელიც ორი თვეა საფრანგეთში პატიმრობაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მამა ე.წ. კანონიერი ქურდი ალექსანდრე კობალაძეა, რომელიც 2018 წლის აპრილში საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში დააკავეს. 

შსს თავდაპირველად აცხადებდა, რომ პოლიციელების კობალაძესთან სახლში მისვლის ფაქტი არ დასტურდებოდა. 

დღესვე გიორგი გახარიამ პარლამენტში თქვა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში შსს-ის გენერალურმა ინსპექციამ 800 სამართალდარღვევა გამოავლინა, დამრღვევები კი სხვადასხვა სახის პასუხისგებაში მისცა.

"მათგან 65 ადამიანი არის დათხოვნილი შსს-დან, ძირითადად ესენი არიან საშუალო და მაღალი რგოლის თანამშრომლები", - თქვა გახარიამ.

კომენტარები