ტრამპი-პუტინის სამიტი

ჯონ მაკკეინი: ჰელსინკის სამიტი ტრაგიკული შეცდომა იყო

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას და მის შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციას ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გამოეხმაურა. 

"დღევანდელი პრესკონფერენცია ჰესლინკში იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო გამოსვლა ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე პრეზიდენტისგან ჩემს მეხსიერებაში"- დაწერა მაკკეინმა Twitter-ზე.

სენატორმა ჰელსინკის სამიტს „ტრაგიკული შეცდომა“ უწოდა.

"პრეზიდენტ ტრამპის ეგოიზმისა და ავტოკრატიის მიმართ სიმპათიის შეფასება რთულია, თუმცა ნათელია, რომ ჰელსინკის სამიტი ტრაგიკული შეცდომა იყო. დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხში არამხოლოდ უუნაროა, არამედ აღმოჩნდა, რომ მას ამის სურვილიც არ აქვს. თითქოს ტრამპი და პუტინი ერთი და იგივე სცენარით მოქმედებდნენ და პრეზიდენტმა თავისუფალი პრესის სამართლიანი კითხვებისგან ტირანის დაცვა გადაწყვიტა. ამით კი პუტინს ტყუილის პროპაგანდის კარგი პლატფორმა შეუქმნა“, - ვკითხულობთ მაკკეინის მიერ გავრცელებულ საჯარო განცხადებაში. 

სენატორი ამბობს რომ აშშ-ს პრეზიდენტი, ქვეყნის შიგნით და გარეთაც ადამიანების უფლებების და თავისუფლების დაცვას ყველაზე წინ უნდა აყენებდეს. 

16 ივლისს ჰელსინკიში, დახურულ კარს მიღმა ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. 

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. 

კომენტარები