ქართული ოცნება

ჭიჭინაძე: ირაკლი კობახიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს

პარლამენტი

ქართული ოცნების წევრის, დავით ჭიჭინაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან უნდა გადადგეს. 

ეს მან ტყიბულში მომხდარ ტრაგედიის და ამაზე კობახიძის განცხადების შეფასებისას თქვა. 

კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ ის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩანაწერი მაქსიმალურად გამკაცრებულიყო, თუმცა ეს გიორგი კვირიკაშვილის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა. 

"მთავრობის ხელმძღვანელობამ [გიორგი კვირიკაშვილმა] ძალიან ხისტი პოზიცია დაიკავა. "მაშინ ანგარიში მთავრობის ხელმძღვანელობის პოზიციას გავუწიეთ, რაც არასწორი კომპრომისი იყო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა წინა სამთავრობო ხელმძღვანელობაზე მითითება გავაკეთე", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჭიჭინაძე ამბობს, რომ ხისტი პოზიცია არა ყოფილ პრემიერს, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის "კომკავშირელ წევრებს - ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს ჰქონდათ". 

"მე, როდესაც ვაფასებ ამა ახალგაზრდა გუნდს, კომკავშირელებს რომ ვეძახი, ტყუილად არ ვეძახი, კომუნისტური პარტიის ყრილობების სხვადასხვა მოვლენას მახსენებენ, როდესაც ვიღაცას გაკიცხავდნენ, მერე გადაყენებულ ადამიანს ფეხებით რომ შედგებოდნენ. კომპრომისზე შეიძლება წახვიდე ორი ადამიანი, როდესაც ერთმანეთში რაღაცაზე რიგდებით, მაგრამ ორი ადამიანი გარიგდე, რომ აქ ათობით ადამიანი დაიხოცოს, და მერე გამოხვიდე და ეს აღიარო, მე ასეთ კომპრომისზე არ წავსულვარ. რას ნიშნავს კომპრომისი სხვების სიცოცხლის ხარჯზე, ჩემთვის გაუგებარია. ამ ადამიანებს ეთიკის კოდექსზე რომ აქვთ პრეტენზია, ვიღაცას ქცევის ეთიკას რომ უწერენ, პირველ რიგში, ეს არის განხილვის საკითხი და რა თქმა უნდა, უნდა გადადგეს", - თქვა დავით ჭიჭინაძემ. 

კომენტარები