კორუფცია

ქუმსიშვილი და ალავიძე დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ გამოკითხა

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ რომ ყოფილი მინისტრები დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საკითხზე გამოკითხეს. 

"მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას,"- ტაბულასთან ამბობს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი.

ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრთან გამოძიებას კითხვები სავარაუდოდ, გზების დეპარტამენტში დადებულ გარიგებებთან დაკავშირებით აქვს. ალავიძემ თანამდებობა 2018 წლის 30 მარტს დატოვა, მის ნაცვლად უწყების ხელმძღვანელად მაია ცქიტიშვილი დაინიშნა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა კი თანამდებობა უკანასკნელი სამთავრობო ცვლილებების დროს დატოვა. 

კომენტარები