რუსეთის ბაზარი

როსპოტრებნადზორი: საქართველოდან უხარისხო ღვინო შემოდის, კონტროლი გამკაცრდება

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა ორგანომ გადაწყვიტა, საქართველოდან რუსეთში შესული ღვინის ხარისხი და უსაფრთხოება შეამოწმოს. 

რუსული უწყება აცხადებს, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში მათ ღვინის პარტიები შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ მათი ნაწილი სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, ამიტომ 16 ათასი ლიტრი ღვინო რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს. 

"როსპოტრებნადზორის" განცხადებით, პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების ანალიზმა გამოავლინა წარმოების ტექნოლოგიის დაირღვა, ასევე არ არსებობს ამისი კონტროლის გზა როგორც მწარმოებლის, ისე საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან. 

რუსეთის ტერიტორიაზე შემომავალი ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის და უსაფრთხოების კონტროლი გაძლიერდება", - ნათქვამია განცხადებაში. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს პასუხი
 

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ "როსპოტრებნადზორის" ამ განცხადებს მალევე უპასუხა. უწყება აცხადებს, რომ საქართველოდან საექსპორტოდ გატანილი ღვინო ხარისხის სტანდარტს აკმაყოფილებს. 

"2017 წელს, „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. 2017 წლის პირველ იანვრამდე სავალდებულო დეგუსტაციას მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები ექვემდებარებოდა. აღნიშნული ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და მიზანი, სწორედ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება იყო. 

საექსპორტოდ განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების მიზნით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ მიმდინარე წლის 6 თვეში დეგუსტაციაზე შემოსული 4813 ნიმუშიდან 93 შეაჩერა. 2017 წელს 3440 ნიმუშიდან უარყოფითად 299 შეფასდა.​

საკანონმდებლო ცვლილებებით ასევე მოხდა საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა, რათა არ მოხდეს ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია.

ამასთან ერთად, სააგენტოს მიერ ღვინის მწარმოებელ კომპანიებში განხორციელებული სახელმწიფო და საინსპექციო კონტროლის შედეგად, წელს 6 თვეში აღებული 123 ნიმუშიდან 15 ნიმუში არ შეესაბამებოდა  აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ ლოტზე გაცემულ ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს, რის საფუძველზეც კონკრეტულ ღვინოების ექსპორტზე უარი ეთქვათ. 2017 წელს საექსპორტო პარტიებიდან  აღებული და შემოწმებული 469 ნიმუშიდან ექსპორტირებაზე უარი 27 ნიმუშს განუცხადა.

დღეისათვის, 50-ზე მეტ ქვეყანას შორის, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 24% შეადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ხარისხზე ზრუნვა არის მუდმივი პროცესი და მზად არის გააგრძელოს ამ მიმართულებით მუშაობა როგორც კერძო სექტორთან, ისე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლიდან აბსოლუტური უმრავლესობა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებსა და მოთხოვნებს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები