ფსიქიკური ჯანმრთელობა

ცხოვრება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და დეინსტიტუციონალიზაცია - ერთადერთი გამოსავალი

34 წლის ოლგა კალინას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხვედრა რამდენჯერმე მოუწია. პირველად ეს 2005 წელს მოხდა. მაშინ ის 21 წლის იყო. ოლგას პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი სწორედ მაშინ დაუსვეს. ამბობს, რომ სტაციონარში მისი ნების საწინააღმდეგოდ მოათავსეს. მისივე თქმით, დაწესებულებაში არსებული პირობები არა მკურნალობაზე ორიენტირებული, არამედ პირიქით, არაადამიანური იყო.  

“პირველად ჰოსპიტალიზებული 21 წლის ასაკში ვიყავი. უნივერსიტეტში წარმატებულად ვსწავლობდი, ყველაფერი კარგად იყო და უცებ ასეთი დიაგნოზი განვითარდა, ფსიქოზური მდგომარეობა.

ჩემი ნების საწინააღმდეგოდ დამაწვინეს სტაციონარში, სადაც ყველგან ჭუჭყი იყო, აბაზანის ჩათვლით. არ იყო ელექტროენერგია. ასევე, მივიღე ისეთი ზედოზირება, რომ 3 დღის განმავლობაში ვიწექი და მეძინა. ერთი ბიჭი ჩემთან ახლოს ზედოზირების გამო გარდაიცვალა, პაციენტებს რეგულარულად სცემდნენ. ეს იყო 2005 წელს.

ასეთი მდგომარეობა 2011 წელსაც გრძელდებოდა. როცა ფსიქიატრიულში შედიხარ, არ ფიქრობ ილუზიებზე, არც ჰალუცინაციებზე, უფრო გადარჩენაზე ფიქრობ - როგორ შეძლებ ამ მდგომარეობაში ცხოვრების გაგრძელებას. არ ხარ ინფორმირებული, სად ხარ, რა ხდება შენს თავს”, - ყვება ოლგა.


ფოტო: ქალები საქართველოდან/ნინო ბაიდაური

ყველა სირთულის მიუხედავად, ოლგა ინსტიტუციიდან გამოვიდა, შეძლო მკურნალობა და რეაბილიტაცია და 2014 წლიდან ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანების საერთაშორისო ქსელის თავმჯდომარეა, ასევე, არის სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის ექსპერტი. დადის ციხეებში, იზოლატორებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და მონიტორინგს ახორციელებს.

მას არც სერვისები სჭირდება და არც ფსიქიატრიულ კლინიკაში დაბრუნება ემუქრება, თუმცა, ის გამონაკლისია. საქართველოში მცხოვრები მრავალი ადამიანი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, კვლავ ინსტიტუციებში ცხოვრობს, სადაც, როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, პაციენტების უფლებებიც ირღვევა და არც მათი მკურნალობისთვის საჭირო ნაბიჯები იდგმება.

ციფრები 

საქართველოში ფსიქიატრიულ სტაციონარულ დახმარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს:

  • 18 ამბულატორიული დაწესებულება;
  • 3 დღის სტაციონარი
  • 9 ფსიქიატრიული კლინიკა

პროგრამის ქვეკომპონენტებია ასევე ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დღის ცენტრი (თბილისი), ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი) და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია (თბილისი, თელავი, ქუთაისი).

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ბოლო, 2016 წლის მონაცემებით, ამავე წლის ბოლოს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 90 139 შემთხვევა იყო აღრიცხული, მათგან 5228 ახალი შემთხვევა იყო. NCDC-ის ცნობით, საქართველოში ყოველი 100 ათასი ადამიანიდან 140-ს ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა აქვს.

NCDC-ისვე ინფორმაციით, 2016 წელს სტაციონარული მომსახურება მიიღო ქცევითი დარღვევების და ფსიქიკური აშლილობის მქონე 4687-მა ადამიანმა, მათგან 34 - გარდაიცვალა.

რა მდგომარეობაა არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

ძირითადი პრობლემები
 

ოლგა კალინა, რომელიც დაწესებულებებში მონიტორინგს თავადაც ატარებს, ყვება, რომ მთავარ პრობლემებს შორის ერთ-ერთი სანიტრების სიმცირეა, რის გამოც პერსონალი პაციენტებს შორის ძალადობას ვერ უმკლავდება.

“სტაციონარში ერთი სანიტარი 50 პაციენტს ემსახურება. მან ასევე ყოველდღიურად უნდა აღწეროს პაციენტების მდგომარეობა. ამის გამო სხვა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დრო არ რჩება. მაგალითად, შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს ერთი პაციენტის მხრიდან მეორეზე ძალადობა. ვერც ხედავენ, როგორ ხდება პაციენტებს შორის ჩხუბი, დარტყმები. არადა ასეთი შემთხვევები ხშირია. თვითდაზიანებებიც არის”, - ამბობს კალინა.

პაციენტებს შორის ძალადობის შესახებ 2017 წლის ანგარიშში ომბუდსმენიც წერს:  

„სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და რესპუბლიკურ კლინიკურ ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში არ არის ძალადობისგან დაცული, უსაფრთხო გარემო. ხშირ შემთხვევებში ადგილი აქვს პაციენტთა შორის კონფლიქტს, რაც ზოგჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად ფიზიკურ დაპირისპირებაში გამოიხატება”.

პერსონალის სიმცირე
 

ოლგა კალინა: “რომელი უმაღლესდამთავრებული სტუდენტი გადაწყვეტს 250 ლარიან ხელფასზე მუშაობას სადმე, მაგალითად სურამში, სადაც სანიტრების და სოციალური მუშაკების ხელფასი 250 ლარია, ფსიქოლოგის - 400 ლარი. ფსიქოლოგს მთელი სტაციონარის კონტინგენტის დიაგნოსტირება ევალება, სტაციონარში კი შესაძლოა 100 ადამიანი იყოს. ფსიქოთერაპიაზე საუბარიც ზედმეტია.

როცა ერთი ექთანია მიმაგრებული 40 პაციენტზე და მათგან ბევრი მწვავე მდგომარეობაშია, სომატურად დამძიმებულია, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, ჭამა, პამპერსს საჭიროებს ა.შ. ასეთ დროს ერთი ექთანი + ერთი სანიტარი რას გააკეთებს?”

ფარმაკოლოგიური/მედიკამენტური თერაპია
 

ოლგა კალინა: “პრობლემაა ის, რომ ძირითადად ფარმაკოლოგიური/მედიკამენტური თერაპია ტარდება, რის გამოც პაციენტი უმეტესად წევს ან დერეფნებში უაზროდ დადის, ანუ მთელი დღის განმავლობაში ის არაფერს აკეთებს. ასეთ პირობებში ჯანმრთელ ადამიანსაც განუვითარდება ფსიქიკური პრობლემები. ამას ემატება ძალადობა პაციენტებს შორის”.

ომბუდსმენის ანგარიშში წერია: “უცვლელი პრობლემაა ფიზიკური და ქიმიური მეთოდების გამოყენების არსებული პრაქტიკა, სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, უგულებელყოფის პირობებში ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია.

წლების განმავლობაში სახალხო დამცველისა და წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, დაწესებულებებში ფსიქიკური აშლილობების მართვა კვლავ ემყარება ფარმაკოთერაპიას და არ არის უზრუნველყოფილი ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომა. გრძელდება ძველი თაობის პრეპარატების გამოყენების პრაქტიკა და ანტიფსიქოზური პრეპარატების გვერდითი ეფექტების არასათანადო მართვა. ხარვეზებია სამედიცინო ჩანაწერების და ბარათების წარმოების კუთხით; სამედიცინო ბარათებში არ ხდება მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის მონაცემების ასახვა”.

პერსონალის მხრიდან პაციენტებზე ძალადობა
 

31 წლის დათომ გვითხრა, რომ ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე კლინიკაში, სადაც მან რამდენიმე კვირა გაატარა, იმის გამო დაარტყეს, რომ ჩაის დალევაზე უარი თქვა.

სახალხო დამცველი კი წერს, რომ სხვა კლინიკებში, მაგალითად: „სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში“ ჯგუფმა აღმოაჩინა დამამცირებელი მოპყრობის პრაქტიკა დაწესებულების ადმინისტრაციის მამაკაცი წარმომადგენლის მხრიდან, რაც ქალი პაციენტებისთვის პირადი ჰიგიენის დაცვის შესახებ არაკორექტული, არაეთიკური შეკითხვების დასმასა და ინტიმური ადგილების ჩვენების მოთხოვნაში გამოიხატება”.

სურამის ფსიქიატრიული კლინიკა ომბუდსმენმა 5 მარტს პირადადაც მოინახულა და აქ არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოს გამო შეშფოთება გამოთქვა. ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ეს პირობები პაციენტებს გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავია. [ომბუდსმენის ვიზიტის შემდეგ შეიცვალა სურამის კლინიკის დირექტორი და დაიწყო ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. ახალი დირექტორის ცნობით, შენობაში არსებული ვითარება აგვისტოს ბოლომდე გამოსწორდება].

ვითარება სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. მარტი, 2018 წელი. 
ფოტო: ომბუდსმენი


ფოტო: ომბუდსმენი

ასევე, პრობლემაა, რომ თავშესაფრის და სოციალური მხარდაჭერის არმქონე პაციენტები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მუდმივად ცხოვრობენ, მაგრამ არ გადიან მკურნალობას.

ომბუდსმენი თვლის, რომ ამ ადამიანების თავშესაფრებში გადაყვანა უმნიშვნელოვანესია.

რა უნდა შეიცვალოს
 

სფეროს სპეციალისტები შეთანხმდნენ, რომ ხანგრძლივი იზოლირებით ფსიქიკური აშლილობის ადამიანების რეაბილიტაცია ფაქტობრივად შეუძლებელია, ამიტომ დეინსტიტუციონალიზაცია ერთადერთი სწორი გზაა.

მათი თქმით, იმისთვის, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მკურნალობა, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია მოხდეს, ფსიქიკური დაწესებულებები უნდა დაინგრეს და ისინი საოჯახო ტიპის თავშესაფრებით და სათემო მომსახურებით უნდა ჩანაცვლდეს, ასევე ზოგადი პროფილის კლინიკებში ფსიქიკური განყოფილება გაიხსნას.

“მსხვილი მონოპროფილური კლინიკები - ეს საბჭოთა მემკვიდრეობაა, გუშინდელი დღეა. ხვალინდელი დღე არის პატარა სტაციონარები, მაქსიმუმ 16-ადგილიანი სტაციონარული განყოფილება, საერთო პროფილის საავადმყოფოში, გადანაწილებული გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპიდან გამომდინარე.

ჩვენი - ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სპეციალისტების - ამოცანაა, ადამიანებს ტანჯვა შევუმსუბოქოთ, პრობლემების დაძლევასა და მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ. თუ ისინი ხანგრძლივად და ხშირად იქნებიან იზოლირებულები თავიანთი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოსგან, ამ მიზნების მიღწევა გართულდება. ამიტომ, ზოგადი პროფილის კლინიკებში ფსიქიკური სტაციონარი არის აუცილებელი. ზოგ შემთხვევაში სტაციონარში მოთავსება აუცილებელია, მაგალითად, სუიციდის მცდელობის შემთხვევაში, საიდან გამოსვლის შემდეგაც მისი მკურნალობა და რეაბილიტაცია თემში, ბინაზე უნდა გაკეთდეს”, - ამბობს გიორგი გელეიშვილი, ფსიქიატრი, ასერტული სათემო მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი.

“ყველანაირი კვლევა და ორგანიზაციის “ხელი ხელს” გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ იქ, სადაც საოჯახო გარემო არ არის და სერვისი თითოეულ ადამიანს ვერ ხედავს, რაც არ უნდა სწორი მიზნები იყოს, მათი მიღწევა ვერ ხერხდება, რესოციალიზაცია, ინკლუზია, დასაქმება, უფლებების რეალიზაცია  ვერ მიიღწევა. ყველანი ადამიანები ვართ და ყველას ჩვენ-ჩვენი ინტერესი თუ სურვილი გვაქვს. ეს არ გამოდის, როცა ერთ სივრცეში ადამიანების რაოდენობა ექვსზე მეტია. ამიტომ უნდა გააკეთო სერვისი, რომელიც ამ მიზნების მიღწევაში დაგეხმარება”, - ამბობს მაია შიშნიაშვილი, სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის „ხელი ხელს“ დამფუძნებელი.

გიორგი გელეიშვილი ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ბინაზე მომსახურებას სთავაზობს. ამას ასერტული, აქტიური სერვისი ჰქვია.

გელეიშვილის 12 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელშიც ფსიქიატრი, ექთანი, ექიმი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და თანაგანმანათლებელი შედის, ყოველდღიურად იკრიბება, დღეს გეგმავს, შემდეგ კი პაციენტებთან ბინაზე გადის, ხვდება მათ, მათი ოჯახის წევრებს და რეაბილიტაცია-მკურნალობისთვის საჭირო შემდეგ ნაბიჯებს ასე გეგმავს. ახლა ასერტული (აქტიური) სერვისის ცენტრი 82 პაციენტს ემსახურება.

ცენტრში გიორგი გელეიშვილი
ფოტო: ტაბულა


"ხუთნახევარი​ წელია, ჩვენი სერვისი არსებობს. როდესაც ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ 95%-ით ვამცირებთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვედრის სიხშირეს. ეს ძალიან დიდი პროცენტია. ეს იცით, რას ნიშნავთ? 80 პაციენტი, ჩვენს სერვისში რომ არ ყოფილიყო, ერთი წლის მანძილზე 320-ჯერ მოხვდებოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.  ამის ნაცვლად, საავადმყოფოში მოხვედრის რაოდენობა ერთი წლის მანძილზე 15-ია”, - ამბობს გელეიშვილი.

გელეიშვილის სერვისით მაია შიშნიაშვილის ერთი ბენეფიციარიც სარგებლობს - ხელი ხელს-ის საოჯახო ტიპის სახლებში, რომელებშიც გონებრივი შეფერხების მქონეები 5-6 ადამიანისგან შემდგარ ოჯახებად ცხოვრობენ, 4 ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანიც ცხოვრობს. ისინი სხვადასხვა სახლში არიან გადანაწილებულები. მაია გეგმავს, უახლოეს მომავალში გადაჯგუფება მოხდეს და ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებმა ცხოვრება ერთ სახლში დაიწყონ, ვინაიდან, ინტელექტუალური შეფერხების და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების საჭიროებები განსხვავებულია და სერვისის მიწოდება ასე უფრო ადვილი იქნება.

მაია შიშნიაშვილი ასევე აპირებს, საოჯახო ტიპის სახლების ადვოკატირების კამპანია დაიწყოს, რათ იმ ადამიანებმა, რომლებიც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ცხოვრობენ, მაგრამ არ მკურნალობენ, საოჯახო ტიპის სახლებში იცხოვრონ.

“იმის გამო, რომ ადამიანს ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა აქვს, საავადმყოფოში აცხოვრო, წარმოუდგენლად ცუდი რამეა. “ხელი ხელს” 2015 წელს დავიწყეთ, ჩვენთვის ტრენერები და კონსულტანტები საზღვარგარეთიდან ჩამოდიოდნენ, ახლა კი გამოცდილება დაგვიგროვდა და თავად შეგვიძლია ტრენინგ-მოდულების შეთავაზება”, - ამბობს მაია შიშნიაშვილი.


ფოტო: მაია შიშნიაშვილი ბენეფიცირებთან და თანამშრომლებთან ერთად / ხელი ხელს

როგორც გიორგი გელეიშვილი, ისე მაია შიშნიაშვილი ამბობენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ზოგადი პროფილის კლინიკებში ფსიქიატრიული განყოფილებები გაიხსნას და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობა მოხდეს ისე, როგორც კარდიოლოგიური ან სხვა ტიპის პრობლემების. ეს სტიგმას შეამცირებს. 

რას გეგმავს სახელმწიფო
 

2014 წლის დეკემბერში მთავრობამ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, ქეთი გოგინაშვილი ამბობს, რომ დეინსტიტუციონალიზაცია სახელმწიფოს ინტერესებშიც შედის, თუმცა, ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება.

გოგინაშვილი არ უარყოფს, რომ გეგმის შესრულების დაწყება დაგვიანდა, თუმცა, მისივე თქმით, კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია -  ფსიქიკური აშლილობის პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით გაიზარდა და 21 მილიონი შეადგინა, სახელმწიფო მობილური ჯგუფების რაოდენობა 3-დან 11-მდე გაიზარდა, ასევე, 2018 წელს 11 რაიონში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისი გაიხსნა. 


ფოტო: ქეთი გოგინაშვილი

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ორგანიზაციული მოწყობის გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს, სადაც განსაზღვრული იქნება როგორც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ისე დეინსტიტუციონალიზაციის ელემენტები და სათემო სერვისებზე გადასვლა. სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის სპეციალისტებიც შედიან.

"გვინდა, რომ იყოს მეტად სათემო სერვისებზე ორიენტირებული და სტანდარტიზებული სერვისი და ამას მორგებული სამედიცინო თუ არასამედიცინო პერსონალი. ორგანიზაციული საკითხები გულისხმობს მათ შორის იმის განსაზღვრას, რამდენ პაციენტს რამდენი ექიმი და ექთანი სჭირდება. ისინი შემდეგ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე გადანაწილდებიან. ახლანდელი გეგმა ზოგადია. უნდა გაიწეროს კონკრეტული ნაბიჯები, რომ ხვალ 5 ექიმს გადავამზადებ, ზეგ 7 საწოლს დავდგამ - ძალიან კონკრეტული ნაბიჯებით, დროში ზუსტად გაწერილი იმ რეალობიდან და სიტუაციიდან და დაფინანსებიდან გამომდინარე, ახლა რაც გვაქვს", - ამბობს ქეთი გოგინაშვილი.

გეგმა, რომელზეც გოგინაშვილი საუბრობს, მზად აგვისტოს ბოლოს იქნება და ის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში განიხილება.

მასალა მომზადდა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, მედიის განვითარების ფონდთან (MDF) პარტნიორობით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

კომენტარები