მეხსიერების ფსიქოლოგია

რატომ გვავიწყდება წაკითხული წიგნები?

0 კომენტარი

ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ წაკითხული წიგნების შინაარსი. სიუჟეტის გონებაში აღდგენა მხოლოდ მოყვარულ მკითხველს არ უჭირს. მათაც უძნელდებათ, ვისთვისაც კითხვა პროფესიაა.

„თითქმის ყოველთვის მახსოვს, სად ვიყავი და მახსოვს თავად წიგნი. მახსოვს ფიზიკური ობიექტი“, - ამბობს პამელა პოლი, ის The New York Times-ის წიგნების მიმომხილველია და მრავალი წიგნის კითხვა უწევს - „მე მახსოვს გამოცემა, ყდა, მახსოვს სად ვიყიდე და ვინ მომცა. რაც არ მახსოვს, და ეს საშინელებაა, არის ყველაფერი დანარჩენი”

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ უოლტერ ისააკსონის ბენჯამინ “ფრანკლინის ბიოგრაფიის კითხვას” მორჩა. „მაშინ, როცა ამ წიგნს ვკითხულობ, ბენჯამინ ფრანკლინის შესახებ ყველაფერი არა, მაგრამ უმეტესი რამ ვიცოდი, რისი ცოდნაც შეიძლებოდა. ასევე ვიცოდი ამერიკის რევოლუციის ზოგადი თანმიმდევრობა. ახლა, წაკითხვიდან ორი დღის შემდეგ მე  ვერ გეტყვით ამერიკის რევოლუციის თანმიმდევრობას“, - ამბობს ის.

ზოგიერთ ადამიანს შეუძლია წაიკითხოს წიგნი ან უყუროს ფილმს და შემდეგ სიუჟეტი სრულყოფილად დაიმახსოვროს, მაგრამ ბევრისთვის წიგნების კითხვა ან ფილმის ყურება აბაზანის შევსებას, მასში ბანაობას და შემდეგ წყლის ჩაშვებას ჰგავს. წყალმა შესაძლოა ნაცხი დატოვოს, მაგრამ მეტი არაფერი რჩება.

„მეხსიერებას თანდაყოლილი შეზღუდვები აქვს.“ -  ამბობს ათაბასკას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფარია სანა. ყველაზე მაღალი “დავიწყების მრუდი“ დასწავლიდან 24 საათის განმავლობაშია. ზუსტად რამდენი გავიწყდებათ ამ დროს მერყეობს, მაგრამ თუ მასალას არ გადაიმეორებთ, მისი დიდი ნაწილი პირველი დღის შემდეგ „გაიწოვება“, მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მეტი და საბოლოოდ რჩება წაკითხულის მხოლოდ მცირე ნაწილი.

ფარია სანას მტკიცებით მეხსიერება ყოველთვის ასეთი იყო. თუმცა,  მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯარედ ჰორვათი მიიჩნევს, რომ ადამიანების მიერ ინფორმაციის მოხმარების გარდაქმნამ ასევე შეცვალა ის, თუ მეხსიერების რომელი ფორმაა ღირებული. ეს არ არის მეხსიერების ტიპი, რომელიც ექვსი თვის წინ ნანახი ფილმის სიუჟეტის დამახსოვრებაში გამოგადგებათ.

ინტერნეტის ეპოქაში, აღდგენის მეხსიერება - ჩვენი უნარი სპონტანურად აღვიდგინოთ ინფორმაცია ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. უფრო მნიშვნელოვანი გახდა ამოცნობის მეხსიერება. „მანამ, სანამ იცით, სად არის ინფორმაცია და როგორ მიაგნოთ მას, თქვენ მისი გახსენება აღარ გჭირდებათ“, - ამტკიცებს ჰორვათი.

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ინტერნეტი მოქმედებს როგორც ექსტერნალიზებული მეხსიერება. როდესაც ადამიანებს აქვთ მოლოდინი, რომ მომავალში ექნებათ ინფორმაციასთან წვდომა, ისინი ნაკლები სიხშირით იხსენებენ ამ ინფორმაციას. მაგრამ ინტერნეტის შექმნამდეც, გართობის პროდუქტები ექსტერნალიზებული მეხსიერების ფუნქციას ასრულებდა. არ არის აუცილებელი გახსოვდეს ციტატა თუ შენ მისი მოძიება წიგნში შეგიძლია. ვიდეოფირის გამოჩენასთან ერთად ფილმის ხელახლა ნახვა საკმაოდ მარტივი გახდა. უაზრობაა, რომ თუ კულტურის ნიმუშს ტვინში არ ჩაბეჭდავ, ის სამუდამოდ დაიკარგება. ინტერნეტმა დამახსოვრების საჭიროება უფრო უმნიშვნელო გახადა.

პლატონის ერთ-ერთ დიალოგში, სადაც აღწერილია საუბარი სოკრატესა და არისტოკრატ ფედრონს შორის, პლატონი  ღმერთი თოტის ამბავს ყვება, რომელმაც ასოების გამოყენება აღმოაჩინა. დიალოგში ფარაონი ღმერთ თოტს ეუბნება:

“ეს გა­მო­გო­ნე­ბა ად­ა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, და­იმახსოვრონ ის, რაც სხვაგ­ვა­რად და­ვიწყე­ბას მი­ე­ცე­მო­და. მო­ხერ­ხე­ბუ­ლო თოტ, მეხ­სი­ე­რე­ბა სა­ო­ცა­რი ნი­ჭია, მას შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უნ­და. შე­ნი გა­მო­გო­ნე­ბის წყა­ლო­ბით ად­ა­მი­ა­ნებს მეხ­სი­ე­რე­ბა და­უჩ­ლუნ­გ­დე­ბათ, ის­ი­ნი და­იმახსოვრებენ არა ში­ნა­გა­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვით, არ­ა­მედ – გა­რე­გა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით”.

„დიალოგში სოკრატეს ეზიზღება დამწერლობა, რადგან ფიქრობს, რომ ის მეხსიერებას მოკლავს და ის მართალია. დამწერლობამ მოკლა მეხსიერება. მაგრამ დაფიქრდით იმ რაღაცეებზე, რაც დამწერლობის გამო არსებობს.  მეხსიერებაში დამწერლობას არასდროს გავცვლიდი“,- ამბობს ჰორვათი,

“თუმცა, ყველა მოგონება ნამდვილად არ იკარგება. ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, დაფარულია ან არაა ხელმისაწვდომი, ვიდრე სწორი სტიმული არ ამოატივტივებს. შესაძლოა, ეს იყოს საუბარი  წაკითხულ წიგნზე, ან სერიალის წინა სერიის მიმოხილვა. მეხსიერება მეტწილად ასოციაციებია“, ამბობს სანა. მისი თქმით, ადამიანებს ხშირად აქვთ მცდარი წარმოდგენა სწორად კითხვაზე. ინფორმაცია შემოდის, ჩვენ მას ვიგებთ და გვგონია, რომ ის ჩვენს ტვინში ინახება. სინამდვილეში კი ის არ დარჩება გონებაში თუ კონცენტრაციაში და დამახსოვრების გარკვეულ სტრატეგიებში დიდ ძალისხმევას არ ჩავდებთ.

შესაძლოა, ეს იყოს იმის ახსნა, თუ რატომ ახსოვს პოლს და ბევრ სხვა ადამიანს მხოლოდ კონტექსტი, რომელშიც წიგნს კითხულობდნენ და არა შინაარსი. წიგნები, გასართობი გადაცემები, ფილმები და სიმღერები არ არიან ფაილები, რომელსაც ტვინში იოლად ატვირთავთ.

ტექსტი მომზადებულია The Atlantic-ის სტატიის მიხედვით

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები