აშშ

აშშ-ში მშობლებისაგან დაშორებული არალეგალი მიგრანტების შვილები ოჯახებში დააბრუნეს

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინფორმაციით 1,800-ზე მეტი მიგრანტის შვილი ოჯახებში დაბრუნდა.

მათგან 1,442 ბავშვი  აშშ-ის საიმიგრაციო კონტროლის მიერ დაკავებულ მშობლებთან დააბრუნეს, ხოლო 378 გაათავისუფლეს. მათ შორის არიან ისინი, ვისაც უკვე შეუსრულდა 18 წელი, ვისი მშობლებიც გაათავისუფლეს და ვინც სხვა ოჯახის წევრებთან დააბრუნეს.

არასრულწლოვნების ოჯახებში დაბრუნება სან დიეგოს ფედერალური მოსამართლის მიერ გასულ თვეს გამოცემული ორდერით დაწესებულ ვადებში მოხდა.

700-ზე მეტი ბავშვის ოჯახებში დაბრუნება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათ შორის 431-ის მშობლები აშშ-ში აღარ იმყოფებიან. ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისმა უწყებებმა მიიჩნიეს, რომ არასრულწლოვნების მშობლებთან დაბრუნება მათ საფრთხის ქვეშ დააყენებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს გავრცელდა ცნობები, რომ აშშ-ის საიმიგრაციო კონტროლმა ოჯახებს 2,500-ზე მეტი ბავშვი დააშორა და ისინი აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე სასაზღვრო კონტორლის საწყობებში ცხოვრობდნენ. ამან ტრამპის ადმინისტრაციის მიერ არალეგალურ მიგრაციის მიმართ გამოცხადებული "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკის წინააღმდეგ მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნების ოჯახებისაგან დაშორება აიკრძალა. დირექტივა მშობლების დაკავების შემთხევაში არასრულწლოვნების მათთან ყოფნის საშუალებას იძლევა.

გარდა ამისა ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია სასამართლო პროცესების გვერდის ავლით სწრაფად უნდა განხორციელდეს. მისი თქმით როდესაც ვინმე საზღვარს უანონოდ გადაკვეთს, დაუყოვნებლივ უნდა გააბრუნონ მოსამართლეების და სასამართლო პროცესების გარეშე.

კომენტარები