არჩევნები 2018

ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას - NDI-ის კვლევის შედეგები

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ახალი კვლევის შედეგები გამოქვეყნა. საპრეზიდენტო არჩევნებთან დასმულ კითხვაზე შერჩევა გაიყო და კითხვა რესპონდენტთა ნახევარს დაესვა. კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას (ვინც აპირებს არჩევნებზე მისვლას), კვლევაში მონაწილეთა ერთი ნახევარი ასე პასუხობს - "არ ვიცი - 20%, ქართული ოცნების კანდიდატი - 20%, არც ერთი - 14%, უარი პასუხზე - 8%, ენმ-ის კანდიდატი - 8%, დავით ბაქრაძე - 7%.

არჩევნებზე წამსვლელ რესპონდენტთა მეორე ნახევარს კითხვა ისე დაუსვეს, რომ ჩამონათვალში მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ყოფილიყო. ამ შემთხვევაში კითხვაზე, "ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას", 30% პასუხობს, რომ არ იცის. ქართული ოცნების კანდიდატს მისცემდა ხმას გამოკითხულთა 14%, ენმ-ის კანდიდატს - 12%. არც ერთი - 11%, უარი პასუხზე - 9%, ევროპული საქართველოს კანდიდატს დავით ბაქრაძეს - 7%, გიორგი მარგველაშვილს - 6%, შალვა ნათელაშვილს - 5%.გ

ამასთან, NDI-ის გამოკითხვით, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, 74%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას. 20%-ს გადაწყვეტილი აქვს, ხოლო 5%-მა არ იცის, აქვს თუ არა გადაწყვეტილი.

კვლევაში მონაწილეთა 59% აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო 41% არ აპირებს. მათგან, ვინც არჩევნებზე მისვლას აპირებს, 68% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 27% - გადაწყვეტილი. იმ 41%-დან, ვინც არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, 10%-ს გადაწყვეტილი აქვს, ვის მისცემდა ხმას, ხოლო 82% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები