საკონსტიტუციო სასამართლო

პრეზიდენტი: მარიხუანაზე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას სრულად ვიზიარებ

პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მარგველაშვილის თქმით, ის სრულად იზიარებს აზრს, რომ ადამიანებს მავნე ჩვევების გამო ციხეში არ უნდა სვამდნენ.

„74% ფიქრობს, რომ მარიხუანას მოხმარება არ არის კარგი და დადებითი ჩვევა. მე შემიძლია შევუერთდე ამ 74%, ალბათ შემიძლია შევუერთდე 90% ვისაც მიაჩნია, რომ სიგარეტის მოხმარება არის კატასტროფა, შემიძლია შევუერთდე 100%, ვისაც მიაჩნია, რომ ალკოჰოლის მოხმარება არის ცუდი, მაგრამ უნდა გავავლოთ ზღვარი - ცუდი და კარგი ჩვევა ერთია. მეორე საკითხია, ამის გამო ადამიანები რამდენად უნდა გვყავდეს ჩასმული ციხეში. უნდა ვისწავლოთ ამ ზღვრის გავლება. აქედან გამომდინარე, სრულიად სწორი, ღირებულებით გამართული და თავისუფლებაზე არის ორიენტირებული სასამართლოს გადაწყვეტილება. მესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე არ ფიქრობს, რომ მარიხუანის მოხმარება კარგია, მაგრამ ზღვრის დადგენა აუცილებელია. ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება, თვითონ გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ, ცუდადაც და კარგადაც", - თქვა პრეზიდენტმა. 

მარგველაშვილმა ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ თავდასხმაზეც და ეს ინსტიტუტების დანგრევის მცდელობაც შეაფასა. 

"ინსტიტუტებს ამ ბოლო დროს ძალიან იოლად ესხმიან თავს მარჯვნიდან, მარცხნიდან, ზემოდან, ქვემოდან. ამ ინსტიტუტებს თუ დავანგრევთ, მაინტერესებს ვინ დაიცავს კანონს", - თქვა პრეზიდენტმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას" - წერია საკონსტიტუციოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქომ ეს გადაწყვეტილება ერის ღალატად მიიჩნია და ქვეყნის მთავარი სასამართლოს დახურვა მოითხოვა. 

კომენტარები