აშშ-თურქეთი

ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთის მთავრობის ორ წარმომადგენელს სანქციები დაუწესა

პასტორი ენდრიუ ბრანსონი
Getty Images

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთის მთავრობის ორ წარმომადგენელს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის თქმით თურქეთის იუსტიციის მინისტრს, აბდულჰამით გულს და შინაგანს საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოულუს წვლილი მიუძღვით ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაკავებაში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თურქეთს "ფართო სანქციების" დაწესებით დაემუქრა, თუ ამერიკელ პასტორს არ გაათავისუფლებენ.

"აშშ თურქეთს პასტორ ენდრიუ ბრანსონის ხანგრძლივი დაკავების გამო ფართო სანქციებს დაუწესებს. დიდებული ქრისტიანი, ოჯახის კაცი და შესანიშნავი პიროვნება დიდად იტანჯება. უდანაშაულო მორწმუნე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ!" დაწერა ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე.

ტრამპის მხრიდან სანქციების მუქარას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოეხმაურა:

"ჩვენ სანქციების წინაშე უკან არ დავიხევთ. მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ გულწრფელ პარტნიორს დაკარგავენ." თქვა მან.

კომენტარები