არჩევნები 2018

IRI-ის კვლევა: ოცნების კანდიდატი - 17%, ბაქრაძე - 16%, მარგველაშვილი - 10%, ვაშაძე - 8%

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 23%-მა არ იცის ვის მისცემდა ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე. რაც შეეხება კონკრეტული კანდიდატების მხარდაჭერას, პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ქართული ოცნების კანდიდატი-17%; დავით ბაქრაძე -16%; გიორგი მარგველაშვილი - 10%; გრიგოლ ვაშაძე -8%; პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი - 3%; მიხეილ სააკაშვილი - 2%; შალვა ნათელაშვილი – 1%; ნიკა მელია - 0.5%; სხვა -3%; ყველას გადავხაზავ -7%; არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას - 4%; არ ვიცი - 23%; უარი პასუხზე -6%; მიხეილ სააკაშვილი და ნიკა მელია ჩამონათვალში არ იყო და ზოგიერთმა რესპონდენტმა ისინი საკუთარი ინიციატივით დაასახელა.

IRI-ის კვლევის შედეგები მედიაში გავრცელდა. პარტია ევროპულ საქართველოში ამ მონაცემების ნადვილობას ადასტურებენ. პარტიის კომუნიკაციების დირექტორის ირაკლი კიკნაველიძის თქმით, გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ საქართველოში ოპოზიციური ამომრჩეველი უმრავლესობაშია:

„ჩვენ ამ კვლევის შედეგებს ვიცნობთ, დიდი ხანია უკვე ნანახი გვაქვს. თავისთავად, როგორც ეს, ისე NDI-ის კვლევის მონაცემები ერთ მარტივ რამეზე მიუთითებს: ამ ქვეყანაში ოპოზიციური ამომრჩეველი უმრავლესობაშია. შესაბამისად, ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი რეცეპტი არის არჩევნებზე ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, რაც უზრუნველყოფს სახელისუფლებო კანდიდატის წაგებას. ასევე, ეს კვლევა მიუთითებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირველ ტურში ყველამ ცალ-ცალკე მიიღოს მონაწილეობა და ეს იყოს ერთგვარი ბუნებრივი პრაიმერი, რომელიც მეორე ტურში ყველას ჩვენ პროდასავლურ პარტიებს მოგვცემს საერთოდ კანდიდატს და სწორედ მას უნდა დავუჭიროთ მხარი. დავით ბაქრაძე რომ ძლიერი კანდიდატია, ამას ადასტურებს, როგორც NDI-ის ისე IRI-ის კვლევები, ეს ასევე მრავალგზის დადასტურებულა არჩევნებზეც, ამიტომ ჩვენ გვჯერა ჩვენი გამარჯვების და ბოლომდე ვიბრძოლებთ ამისთვის“, - ამბობს კიკნაველიძე.

კიკნაველიძის თქმით, კითხვა - ვის მისცემდით ხმას ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს?, IRI-მ პარტია ევროპული საქართველოს თხოვნით დასვა, თუმცა ეს შედეგები არ იყო საჯარო გავრცელებისთვის. 

"ჩვენი, ევროპული საქართველოს თხოვნით IRI-მ ეს კვლევაა ჩაატარა იმავე საველე სამუშაოების პირობებში, რაშიც მთლიანი კვლევა იყო მოქცეული. ეს მიღებული პრაქტიკაა, სხვადასხვა პარტიები თანამშრომლობენ IRI-თან და ჩვენი თხოვნით ისინი ამ ტიპის კვლევებს ატარებენ ხოლმე და კითხვებს სვამენ. ეს იყო დახურული კითხვები და არ იყო საჯარო გავრცელებისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერმა გაჟონა, მაგრამ სწორედ ამ ფორმულირებით იყო კითხვა დასმული ჩვენი თხოვნით, ჩვენ შევთავაზეთ ამ ფორმულირებით კითხვის დასმა. კიდევ ერთხელ სამწუხაროა ძალიან რომ ამან გაჟონა, მაგრამ ასეთები ხდება ხოლმე." - ამბობს კიკნაველიძე.

IRI-ის გამოკითხვა 2018 წლის 1-22 აპრილს ჩატარდა. გამოიკითხა 1500 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი 2.5%-ია.

გამოკითხვის შედეგები 1 აგვისტოს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმაც (NDI) გამოაქვეყნა. IRI-ის კვლევისგან განსხვავებით, NDI-ის კითხვარში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი სახელით და გვარით მოხსენიებული არ იყო.

არჩევნებზე წამსვლელი რესპონდენტების ნახევარს NDI-მ კანდიდატების ჩამონათვალი გიორგი მარგველაშვილის გარეშე შესთავაზა. კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდნენ ხმას, მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: არ ვიცი - 20%, ქართული ოცნების კანდიდატი - 20%, არც ერთი - 14%, უარი პასუხზე - 8%, ენმ-ის კანდიდატი - 8%, დავით ბაქრაძე - 7%.

არჩევნებზე წამსვლელ რესპონდენტთა მეორე ნახევარს კანდიდატების ჩამონათვალში გიორგი მარგველაშვილიც შესთავაზეს. პროცენტები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნების კანდიდატი - 14%, ენმ-ის კანდიდატს - 12%. არც ერთი - 11%, უარი პასუხზე - 9%, ევროპული საქართველოს კანდიდატი დავით ბაქრაძე - 7%, გიორგი მარგველაშვილი - 6%, შალვა ნათელაშვილი - 5%. 30% კი პასუხობს, რომ არ იცის, თუ ვის მისცემდა ხმას.

ამასთან, NDI-ის გამოკითხვით, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, მთლიანი მოსახლეობის 74%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას. 20%-ს გადაწყვეტილი აქვს, ხოლო 5%-მა არ იცის, აქვს თუ არა გადაწყვეტილი.

კვლევაში მონაწილეთა 59% აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო 41% არ აპირებს. მათგან, ვინც არჩევნებზე მისვლას აპირებს, 68% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 27% - გადაწყვეტილი. იმ 41%-დან, ვინც არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, 10%-ს გადაწყვეტილი აქვს, ვის მისცემდა ხმას, ხოლო 82% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია.

NDI-ის გამოკითხვის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი -8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია. 

კომენტარები