ნინო გვენეტაძე

ნინო გვენეტაძემ 2015-2017 წლებში საკუთარ თავს 138 ათასი ლარის დანამატი გამოუწერა

0 კომენტარი
ფოტო: უზენაესი სასამართლო

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს, ის პოსტს 2015 წლის 20 მარტიდან იკავებდა.

გვენეტაძის მიერ შევსებული ქოენბრივი დეკლარაციების მიხედვით, მან 2015-2017 წლებში ჯამში 418,119 ლარი გამოიმუშავა. მოსამართლეთა ანაზღაურების კანონის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო თვეში 7,000 ლარია, ეს წელიწადში 84,000 ლარს შეადგენს. თუმცა ფაქტობრივად, გვენეტაძე ყოველწლიურად ამაზე გაცილებით მეტ შემოსავალს იღებდა. საერთო ჯამში გევენტაძემ დანამატების სახით 2015-2017 წლებში 138 ათასი ლარი აიღო

  • დეკლარაციის მიხედვით, 2015 წელს (9 თვე) - მთლიანი შემოსავალი 102 ათასი ლარი, აქედან ხელფასი 63 ათასი, დანამატი 39 ათასი;
  • 2016 წელს -  მთლიანი შემოსავალი 129 ათასი ლარი, აქედან ხელფასი 84 ათასი, დანამატი 45 ათასი ლარი; 
  • 2017 წელს - მთლიანი შემოსავალი - 137 ათასი ლარი, აქედან ხელფასი 84 ათასი ლარი, დანამატი 53 ათასი ლარი.

ნინო გვენეტაძე მის მიერ გამოქვეყნებულ ექვსპუნქტიან განცხადებაში სასამართლო სისტემაში მის მიღწევებზე საუბრობს:

1. მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის წარმატებით განხორციელება, რაც გულისხმობს საერთო სასამართლოების სისტემაში შემოსულ საქმეთა შემთხვევითი, ელექტრონული წესით განაწილების დანერგვას და მის წარმატებით ამუშავებას; თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე თანამედროვე დატა ცენტრის გამართვას, რომელიც ემსახურება საქმეთა ელექტრონულ განაწილებას. დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნას და მის ეფექტურ ფუნქციონირებას; სასამართლო გადაწყვეტილებათა გამოქვეყნების წესის ეტაპობრივ დანერგვას.

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მართლმსაჯულების ხუთწლიანი სტრატეგიისა  და ორწლიანი სამოქმედო გეგმის მიღებას; წარმატებული ერთწლიანი პერიოდის - ანგარიშის პრეზენტაციას ფართო საზოგადოების წინაშე.

3. პირველად ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში   არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას და ამოქმედებას; მიმდინარე სამუშაოებს სასამართლო პრაქტიკის განზოგადებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარებზე.

4. მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში აქტიურ საქმიანობას საქართველოს პარლამენტთან, იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რაც უახლოეს მომავალში დაგვირგვინდება ახალი საკანონმდებლო ნოვაციებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. კერძოდ, მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების - დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების დახვეწას;  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალე საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების შემუშავებას და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას; კომერციული პალატების ფუნქციონირების წესის საკანონმდებლო რეგლამენტაციას  და სასამართლოთა განტვირთვას საქმეთა ჭარბი ნაკადისაგან.

5. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა.

6. საერთო სასამართლოების სისტემაში სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ დაახლოებით ორმოცზე მეტი წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი კორპუსის (სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის) დასრულება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობისათვის საპროექტო სამუშაოების მომზადება.

აღნიშნულ წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვით საელჩოებს, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ყველა მნიშვნელოვან სარეფორმო ეტაპზე აქტიურ მხარდაჭერას ახორცილებდნენ მართლმსაჯულების სისტემისადმი. ასევე ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან მართლმსაჯულებისადმი ნდობის გაღმავების კუთხით.

ნინო გვენეტაძე მადლობას უხდის კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და გამოთქვამს იმედს, რომ ქართული მართლმსაჯულება ღირსეულად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, ღირსეულად მოემსახურება კანონის უზენაესობასა და სამართლიანობის დამკვიდრებას,"- წერია განცხადებაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები