არჩევნები 2018

როდის იყო ქართველი ამომრჩეველი ყველაზე აქტიური - არჩევნების ისტორია

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან, ანუ 1990 წლის 9 აპრილიდან დღემდე ქვეყანაში სულ 21 არჩევნები ჩატარდა. აქედან, 9 საპარლამენტო, 6 საპრეზიდენტო და 6 ადგილობრივი თვითმმართველობის იყო. 2018 წლის არჩევნები ისტორიულია, რადგანაც ქვეყნის მოსახლეობას უკანასკნელად შეეძლება ქვეყნის მეთაურის არჩევა. ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, პრეზიდენტს სპეციალური კოლეგია აირჩევს. 

დამოუკიდებლობის 28 წლის განმავლობაში საარჩევნო აქტივობა ყველაზე მაღალი 2004 წლის 4 იანვარს ჩატარებულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო. მაშინ ცენტრალური საარჩევნო კოლეგიის ბაზაში რეგისტრირებული 2.23 მილიონი ამომრჩევლიდან ხმის მისაცემად 1.96 მილიონი მივიდა, რაც 87%-იან აქტივობას ნიშნავს. მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ - 96%-მა ხმა მიხეილ სააკაშვილს მისცა.

მართალია სააკაშვილის შემთხვევაში აქტივობა, ყველაზე მაღალი იყო, მაგრამ 2004 წლის არცევნები არ ყოფილა ის არჩევნები, რომელშიც ხმა ყველაზე მეტმა ადამიანმა მისცა. ეს 1991 წლის 26 მაისის ისტორიული არჩევნები იყო. საქართველოდან მიგრაციული ტალღის დაწყებამდე და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციამდე, საქართველოში 3.6 მილიონი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. 1991 წლის 26 მაისს ჩატარებულ პირველ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამ 3.6 მილიონიდან ხმა 2.97-მა მილიონმა, ანუ 82%-მა მისა. მათმა 87%-მა ქვეყნის პირველ პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია აირჩია. 

ცესკოს სტატისტიკის მიხედვით, გასული 28 წლის განმავლობაში ჩატარებული 9 საპარლამენტო არჩევნებიდან ყველაზე დაბალი აქტივობა 2016 წელს იყო. (ცხადია იმ დაშვებით, რომ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ჩატარებულ 1995, 1999 და განსაკუთრებით 2003 წლის არჩევნებში აქტივობა მართლაც იმდენი იყო, რაც მაშინდელმა ცესკომ დათვალა)

ცესკოს სტატისტიკის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებს შორის აქტივობა ყველაზე დაბალი - 43% 2013 წელს იყო. მაშინ 62%-იანი მხარდაჭერით ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა. დაბალი აქტივობა სავარაუდოდ ამ არჩევნების თვისობრივად განსხვავებულ მნიშვნელობას უკავშირდება. 2013 წელს გიორგი მარგველაშვილის მიერ საპრეზიდენტო ფიცის დადებით ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუციური მოწყობა, რომელიც საპარლამენტო მოდელს ეფუძნება. 

სიმბოლურია, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს დანიშნული ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ემთხვევა 1990 წელს, საქართველოში ჩატარებული პირველი საპარლამენტო არჩევნების თარიღს. 

კომენტარები