საპრეზიდენტო არჩევნები 2018

ქანთარია ზურაბიშვილზე: მას აქვს ძალიან საინტერესო თავგადასავალი, ოჯახი, წინაპრები

ტაბულა

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის, მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტსაბჭოს წევრები შეიკრიბნენ. ისინი, სავარაუდოდ, პრეზიდენტობის კანდიდატზე მსჯელობენ, რომელსაც მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს. 

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ეს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი იქნება. ამ ეტაპზე ინფორმაციას არც ზურაბიშვილი და არც მმართველი გუნდის წარმომადგენლები პირდაპირ არ ადასტურებენ. 

თუმცა, შეხვედრის დაწყებამდე ქართული ოცნების წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ "სალომე ზურაბიშვილს საინტერესო თავგადასავალი აქვს". 

ცოტაც კიდევ მოითმინეთ და გაიგებთ. ეს სალომე ზურაბიშვილის სიტყვები არაა, ლადო ასათიანის ლექსია, "ცოტაც კიდევ მოითმინე, ლამაზო და ნანატრი მთა-გორებიც იქნება". სალომეს აქვს ძალიან საინტერესო თავგადასავალი, ოჯახი, წინაპრები, მისი გზა, არ ვგულისხმობ პარტიას, მისი გზა საერთოდ ცხოვრებაში, პოლიტიკაში, საქართველოში დაბრუნება, ლავროვთან საკმაოდ თამამად ჯდომა. ბევრი რამეა გასახსენებელი. მე არ ვიცი, ვინ იქნება კანდიდატი, მე ვამბობ სალომეზე. მაგრამ ქართული ოცნება არ დავუჭერთ ისეთ ადამიანს მხარს, რომლის შანსიც იქნება ნულოვანი.

[პრეზიდენტობის კანდიდატი] უნდა იყოს დამოუკიდებელი და ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ მმართველ პარტიას მასზე გავლენა არ ექნება", - თქვა ნუკრი ქანთარიამ. 

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. მმართველ გუნდს ჯერჯერობით არ დაუსახელებია, ვის დაუჭერს მხარს. 

ეს პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი გზით არჩევნებია. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ძალაში პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან შევა, პრეზიდენტს 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კოლეგიის 150 წევრი პარლამენტის დეპუტატი იქნება, დანარჩენი 150 კი აკადემიური წრეების წარმომადგენლები იქნებიან. 

კომენტარები