არჩევნები 2018

ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატს არ წარადგენს

ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატს არ წარადგენს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა დღეს, მას შემდეგ გაახმოვანა, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად კონსულტაციები გამართა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან: 

"საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც ძალაუფლების ლეგიტიმაცია ხორციელდება საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. ხალხი ირჩევს პარლამენტს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო მიმართულებებს და აყალიბებს მთავრობას, რომელიც წარმართავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. 

ამ სისტემაში პრეზიდენტს არ აქვს მინიჭებული პოლიტიკური ძალაუფლება და მას არსებითად ეკისრება წარმომადგენლობითი ფუნქცია. საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტი არც განსაზღვრავს პოლიტიკას და არც ახორციელებს მას. ის ვერ წარდგება პოლიტიკური პროგრამით. 

ის უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ზეპარტიული უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც არ ერთვება პარტიულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, არამედ თვალყურს ადევნებს და ობიექტურად აფასებს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებს". 

კობახიძემ ასევე თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ შეიძლება მხარი დაუჭიროს რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი დასახელდება. 

დღესვე პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურა წარადგინა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა. დიდი ალბათობით, ქართული ოცნება მხარს სწორედ მას დაუჭერს. 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები