აგვისტოს ომი

საგარეო: რუსული სამხედრო ინტერვენციიდან და შედეგად ოკუპაციიდან 10 წელი შესრულდა

"2018 წლის 7 აგვისტოს 10 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და შედეგად საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ." - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
 
"სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიითა და შემდგომი უკანონო ნაბიჯებით, რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები და შექმნა სახიფათო პრეცენდენტი დამკვიდრებულ საერთაშორისო წესრიგზე იერიშის მიტანის თვალსაზრისით. რუსეთის ქმედებები 2008 წელს ნაკარნახევი იყო ევროპაში საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ძირის გამოთხრის ამბიციით. ათი წლის შემდეგ რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1-15 აგვისტოს მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს რუსეთის რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე და ასობით სამხედრო ტექნიკა, წარმოადგენს უპრეცენდენტო ხასიათის მცდელობას რუსეთის მხრიდან, მოახდინოს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც ამავდროულად წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას."- წერია განცადებაში.

უწყების განცხადებაში ასევე წერია, რომ სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო. ასევე საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა კვლავ არ შეუსრულებია 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას. განცხადებაში ასევე წერია, რომ სამინისტრო დიდად აფასებს საერთაშორისო საზოგადოების ურყევ მხარდაჭერას.

"მაშინ, როცა ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველობა რჩება ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაციის სამიზნედ. სამი დევნილი პირის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტები ნათლად წარმოაჩენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელებულ დაუსჯელობის სინდრომს და ეთნიკურ ნიადაგზე წახალისებულ ძალადობას. მუდმივი პროვოკაციული ნაბიჯების პასუხად, საქართველო ერთგულად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების დღის წესრიგს. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებისათვის, რათა სათანადო გადაწყვეტა მოუძებნოს რუსეთ-საქართველოს შორის გადაუჭრელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა პრობლემებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის.  სრულად იცავს რა ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს, საქართველომ არაერთხელ ცალმხრივად დაადასტურა და  პირნათლად ასრულებს ძალის არგამოყენების ვალდებულებას, რუსეთის  მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს თავისი უკანონო ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, კერძოდ, შეცვალოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ აღიარების გადაწყვეტილება და სრულად მოახდინოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია." - წერია განცხადებაში.

2008 წლის აგისტოს ომიდან დღეს 10 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები