თამბაქო

უფილტრო სიგარეტის მოხმარება 2017 წელს გაორმაგდა, 2018 წელს კი 20%-ით გაიზარდა

Reuters

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ თამბაქოს ინდუსტრიაზე გაცემული აქციზური მარკების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უფილტრო სიგარეტის მოხმარება 2015 წლის შემდგომ მზარდია. თუ 2015 წელს სულ 25.6 მილიონ კოლოფ უფილტრო სიგარეტზე გაიცა აქციზური მარკა, 2017 წელს ამ რიცხვმა 79 მილიონ კოლოფს მიაღწია. 2018 წლის პირველ ნახევარში კი უფილტრო სიგარეტზე 40 მილიონი აქციზური მარკა გაიცა, ეს 2017 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება.

უფილტრო სიგარეტის მოხმარების ზრდის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი, სხვა ტიპის თამბაქოს პროდუქტებთან შედარებით მისი სიიაფეა, რასაც ხელს დაბალი აქციზური გადასახადიც უწყობს. 2017 წლის პირველი იანვრიდან ყოველ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზური მარკის ღირებულება 1.1 ლარიდან 1.7 ლარამდე გაიზარდა. ხოლო უფილტრო სიგარეტის აქციზი ამაზე თითქმის სამჯერ იაფი, 60 თეთრი ღირს. ფილტრიანი სიგარეტების გაძვირების გამო მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უფილტრო თამბაქოზე გადაერთო.

აქციზის გაძვირების შედეგად, ფილტრიანი სიგარეტის მოხმარება 2014-2015 წლებში არსებული 450-460 მილიონი კოლოფიდან 2017 წელს 318 მილიონ კოლოფამდე შემცირდა. მთლიანობაში 2017 წელს გაცემული აქციზური მარკების რაოდენობა 15%-ით შემცირდა, შემცირების მთავარი მიზეზი ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გაძვირება იყო.

დაუნთრეიდინგი

აქციზის გაძვირებას თან რამდენიმე უარყოფითი რისკი მოსდევს: პრიველი ეს არის დაუნთრეიდინგი, როდესაც მომხმარებლები სიგარეტის გაძვირების გამო უფრო იაფიან ალტერნატივებზე გადადიან. ბაზრის რეგულირების მიუხედავად, ყოველთვის მოიძებნება უფრო იაფი ალტერნატივა, რომლის ზემოქმედებაც ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლოა უფრო მძიმე იყოს. ეს ნიშნავს რომ სახელმწიფოს მიზანი, სიგარეტის უარყოფითი გავლენისგან დაიცვას მოსახლეობა, პირიქით, შეიძლება გაზრდილი ზიანით იცვლება. ამას ემატება რამდენჯერმე დაბალი სააქციზო გადასახადიც, რაც უფილტრო სიგარეტებზე მოქმედებს.

გაოცმაგებული კონტრაბანდა

აქციზის გადასახადის ასიმეტრიულად მაღალი ზრდა კონტრაბანდის რისკსაც ზრდის. 2017 წელს თამბაქოს კონტრაბანდა 20-ჯერ გაიზარდა. თუ 2016 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 26 557 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წელს კი 557 685 კოლოფი.

კონტრაბანდული რისკი თავისმხრივ სხვა პრობლემებსაც იწვევს, მაღალი ეკონომიკური დაინტერესების შემთხვევაში მან შესაძლოა კორუფციის რისკებიც გაზარდოს. ამასთანავე, ეკონომიკურ საზღვრებზე უაქციზო თამბაქოს შემოსვლის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს მეტი რესურსის გაღება უწევს.

ინფლაციური ზეწოლა

კიდევ ერთი თანმდევი პრობლემა ინფლაციის ზრდაა. იმის გამო, რომ სიგარეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქონელია, აქციზის გაძვირებით მისი ფასის ხელოვნური ზრდა ინფლაციაზეც ახდენს გავლენას.

სწორედ ეს იყო 2017 წელს ქვეყანაში მაღალი ინფლაციის ერთერთი გამომწვევი მიზეზი. 2017 წელს ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, თუმცა ინფლაციამ საშუალოდ 6.5% შეადგინა. სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, გაზრდილ ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ერთჯერადმა ფაქტორმა - აქციზის გაძვირებამ. ამ 6.5%-დან 2.5% სწორედ თამბაქოსა ნავთობპროდუქტების გაძვირებაზე მოდიოდა.

თუ მხოლოდ და მხოლოდ საგადასახადო კოდექსით ვიმსჯელებთ, შეიძლება ვიფიქროთ რომ უფილტრო სიგარეტი ფილტრიანთან შედარებით ნაკლებად მავნებელია, რადგანაც რამდენჯერმე ნაკლებად იბეგრება. თუმცა სინამდვილეში ასე არაა.

 

კომენტარები