საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენი საკანონმდებლო აქტებში ტერმინ "ოჯახის უფროსის" ჩანაცვლებას ითხოვს

0 კომენტარი
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრს და მთავრობის სახელით გამოცემულ საკანონმდებლო აქტებში გამოყენებული ტერმინის "ოჯახის უფროსის" სხვა უფრო ნეიტრალური ფორმით ჩანაცვლება მოითხოვა.

"მართალია, ზემოხსენებულ აქტებში პირდაპირ არ არის მითითებული თუ ვინ არის, ან ვინ უნდა იყოს ოჯახის უფროსი, თუმცა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ტრადიციულ წარმოდგენებში "ოჯახის უფროსად" მოიაზრებოდა მამაკაცი, რომელიც მისი სქესის გამო ოჯახში გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო. სახალხო დამცველის აზრით, თანამედროვეობაში აღნიშნული ტერმინის გამოყენება ამყარებს ქალის შესახებ სტერეოტიპულ წარმოდგენებს, რომ ქალი ოჯახის მეორეხარისხოვანი წევრია, არ არის თანასწორად გადაწყვეტილების მიმღები და დოვლათის შემომტანი, რაც, თავის მხრივ, სქესის საფუძველზე ნეგატიური შეხედულებების წამახალისებელია", - აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.

ომბუდსმენის განცხადებითვე, ოჯახის, როგორც საზოგადოების უმნიშვნელოვანესი სოციალური უჯრედის, მთავარი მახასიათებელი არის თანასწორობა და პირთა თანაბარი მონაწილეობა შინამეურნეობის საქმიანობაში.

"საკანონმდებლო დონეზე ასახული ტერმინი კი თავისივე შინაარსში ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს ერთი რომელიმე პირის დომინირებას. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს საკანონმდებლო აქტების მიზნებისთვის აქცენტი ტერმინ "ოჯახის უფროსის" შინაარსობრივ მხარეზე გაკეთდეს, რომელშიც, როგორც წესი, ოჯახის შემადგენლობაში მყოფი საკონტაქტო პირი იგულისხმება, რომელიც ოჯახის წევრების შესახებ ყველაზე მეტად არის ინფორმირებული", - აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველმა საკითხის შესწავლა სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის მიმართვის შემდეგ დაიწყო. ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ ჭალიძემ სახალხო დამცველს სთხოვა დისკრიმინაციის აკრძალვის ჭრილში შეეფასებინა ტერმინი "ოჯახის უფროსი", რომელიც გვხვდება "სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის №758 დადგენილების დანართში.

გარდა ამისა, საქმისწარმოების ფარგლებში, სახალხო დამცველმა მოიძია სხვადასხვა სამართლებრივ აქტებში ტერმინი "ოჯახის უფროსი" და ამის შემდეგ მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები