ჯგუფური გამოძალვა

ბათუმში თურქეთის მოქალაქის მიმართ ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული ფ.წ. და 1989 წელს დაბადებული მ.თ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, 1987 წელს დაბადებულ მ.თ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე,  შ.დ. საქართველოში მოტყუებით  ჩამოიყვანეს, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ბათუმში, ნაქირავებ ბინაში წაიყვანეს, სადაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულები სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების, ასევე, ძალადობის გამოყენების მუქარითა და ძალადობით შ.დ.-სგან დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ მათ 10 000 ლირა გადასცა. გამომძალველებმა დაზარალებულისა და მისი მეუღლის კუთვნილი პლასტიკური ბარათებიდან 1 500 ლარიც მიითვისეს, რის შემდეგაც შ.დ. სარფში დატოვეს, რათა მას საქართველო დაეტოვებინა",- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტებთან ერთობივად ფ.წ. ბორჯომში, მ.თ. კი კახეთში დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები