სავალუტო კრიზისი

დედოლარიზაცია თურქულად - ერდოღანი ხალხს უცხოური ვალუტის ლირაში გადატანისკენ მოუწოდებს

Getty Images

თურქეთში პანიკური ვაჭრობაა - ლირა რეკორდული ტემპებით უფასურდება. Bloomberg-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ერთი დოლარი 7.05 ლირა ღირს, სულ რაღაც ერთი კვირის წინ კურსი 5.03-ს შეადგენდა, ერთი თვის წინ კი 4.86-ს. 

მთელი თურქეთის მასშტაბით სავალუტო ჯიხურების წინ რიგებია, მოსახლეობა უფრო დიდი გაუფასურების შიშით საკუთარ დანაზოგებს ევროსა და დოლარებზე ცვლის. 

ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი კი მოსახლეობას მოუწოდებს, პირიქით გაყიდონ დოლარები და ლირები შეიძინონ. 

სავალუტო კრიზისის პიკთან ერთად, გაზრდილია ინფლაციური მოლოდინიც. მხოლოდ გასულ თვეს ფასების მატებამ 16% შეადგინა. 

ერდოღანი ლირას ვარდნის და გაზრდილი ინფლაციის ფონზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ეწინააღმდეგება. მას სურს, რომ საპროცენტო განაკვეთები დაბალ ნიშნულზე დარჩეს, რათა ამით ეკონომიკური ზრდა წახალისდეს. თუმცა, აღნიშნული მიმართულება დიდ რისკებს შეიცავს, რაც მომავალში კიდევ უფრო გაზრდილ ინფლაციაში შეიძლება აისახოს.  

როგორ დაიწყო კრიზისი?

სავალუტო კრიზისის ესკალაცია ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის დაძაბვამ გამოიწვია. 

აშშ თურქეთში დაკავებული პასტორის, ენდრიუ ბრონსონის გათავისუფლებას ითხოვს. ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დონალდ ტრამპის შეფასებით, ბრანსონი უკანონი პატიმარია. ტრამპის ადმინისტრაციამ ინდივიდუალური სანქციები დაუწესა თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, "არ დაგავიწყდეთ, რომ თუ მათ აქვთ დოლარები, ჩვენ გვყავს ალაჰი. შეხედეთ სად ვიყავით 16 წლის წინ და სად ვართ ახლა."

რა გავლენა აქვს კრიზისს საქართველოზე?

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და რეგიონის ერთერთი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, შესაბამისად ლირას გაუფასურება რეგიონის ქვეყნებისთვისაც ნეგატიური სიგნალის მატარებელია.

პარასკევს ძირითადად ლირას და რუბლის ვარდნის გამო წარმოშობილი ნეგატიური საბაზრო მოლოდინების გამო, ლარი ბოლო შვიდი თვის მინიმუმზე 2.53-ზე დაეცა. ამჟამად ერთი დოლარი 2.57 ლარი ღირს. 

თუ შევხედავთ 1995 წლიდან დღემდე თურქული ლირისა და ლარის გაცვლით კურსებს, ვნახავთ რომ ლარის და ლირას კურსებს შორის დადებითი კორელაცია არსებობს. თუმცა 2018 წლის განმავლობაში ლირას რეკორდულ დაცემას - ლარის კურსზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია. ლარმა ვარდნა მხოლოდ ბოლო დღეებში, ლირას რეკორდული გაუფასურების ფონზე დაიწყო. საქართველოს მთავრობის განმარტებით, ლირას ვარდნაზე ლარის რეაქცია მხოლოდ მოკლევადიანია და გრძელვადიან პერსპექტივაში მან დიდი გავლენა არ უნდა იქონიოს. მთავრობა ყურადღებას ამახვილებს საქართველოში არსებულ დაბალ ინფლაციასა და სავალუტო ნაკადების მყარ ზრდაზე, რაც ექსპორტის, ტურიზმის და ფულადი გზავნილებს უკავშირდება. 

მხოლოდ 2018 წელს თურქულმა ლირამ ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგა. 

კომენტარები