ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილს კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა, სამინისტროს თქმით, დიაგნოზი "საშიში არ არის"

Reuters

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. გამოკვლევების შემდეგ, ყოფილი პრემიერმინისტრი კვლავ საკანში დააბრუნეს. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. მისი ინფორმაციით, უკვე ორი კვირაა, ყოფილ პრემიერს სასუნთქი გზების პრობლემა აქვს.

"თუ არ ვცდები, საუბარია "პოლიპებზე“, პრაქტიკულად ვერ სუნთქავს, რაც სხვა ტიპის გართულებებსაც იწვევს" - თქვა ადვოკატმა. მანვე აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდება, ვანო მერაბიშვილის სტაციონარში განთავსებას მოითხოვენ.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით კი, ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საშიში არ არის. მათი ინფორმაციით, მერაბიშვილი კლინიკაში ერთი საათით იმყოფებოდა.

"ციხის სამედიცინო პერსონალმა ჩათვალა საჭიროდ შემოწმება სამედიცინო კლინიკაში. ეს დაიგეგმა გუშინ და დღეს საღამოს მოხდა გადაყვანა. დანიშნულების მიცემის შემდეგ ვანო მერაბიშვილი დაბრუნდა და ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის" - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და შინაგან მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი სხვა ბრალდებებიც წარუდგინეს - 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.

ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ციხიდან გაყვანის შესახებ ისაუბრა. მერაბიშვილის ინფორმაციით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ იგი მთავარ პროკურორთან შესახვედრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა მის ამ განცხადებას რაიმე სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან  გაყვანის საქმეზე გამოძიება მხოლოდ ევროსასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან. საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის, მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში დარღვევა. 

2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაასრულა. უწყების მტკიცებით, "ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ივანე მერაბიშვილის მიმართ მის მიერ გაცხადებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი". პროკურატურის განცხადებით, "ერთადერთი მოწმე, რომელიც მიუთითებდა ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტობრივ გარემოებებზე, არის თავად ივანე მერაბიშვილი".

კომენტარები