ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

"კვამლის გამწოვი სისტემის არარსებობა" - "ველმონდმა" საქმიანობა დღეს საღამომდე უნდა შეწყვიტოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შალვა ხუციშვილის თქმით, სასტუმრო "ველმონდთან" (ყოფილი "ლეოგრანდი") დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და ეს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

"​ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოთხმხრივი მოლაპარაკება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სასტუმროს ადმინისტრაციას, აჭარის მთავრობასა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს შორის. მოლაპარაკების მიზანია, რომ სასტუმროს სტუმრები უმტკივნეულოდ გადაიყვანონ სხვა შენობაში. ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი გართულების გარეშე წარიმართოს.

რეკომენდაციებიდან ყველაზე კრიტიკული კვამლის გამწოვი სისტემის არარსებობაა. სწორედ ამ სისტემის არასწორი მუშაობისა და გაუმართაობის გამო, დეკემბრის თვეში, 11 ადამიანი დაიღუპა. ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ ეს სისტემა მოწესრიგდეს. 24-სართულიანი სასტუმროს შემთხვევაში, ხანძრის დროს, ადამიანს სანამ მეხანძრე-მაშველი ჩამოიყვანს, ის კვამლისგან არ უნდა გაიგუდოს. მთელი მსოფლიო ამ სახანძრო პრინციპით მოქმედებს. ​მე დიდი იმედი მაქვს, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია გამოიჩენს კეთილგონიერებას და მიცემულ დროში მოახერხებს პროცესის უმტკივნეულოდ ჩატარებას" - ამბობს შალვა ხუციშვილი.

Welmond-ის გენერალური მენეჯერის ასისტენტის მანუჩარ შერვაშიძის თქმით კი, "ამ დროისთვის 100%-ით ვართ დაკავებული, ოქტომბრის ბოლომდე გვაქვს რეზერვაციები, ვაგრძელებთ ჩვეულებრივად მუშაობას".

ბათუმში მდებარე სასტუმრო Leogrand-ში ხანძარი, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა. გარდაცვლილთა შორის 10 საქართველოს, 1 კი, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება. აღნიშნული მუხლისთვის მაქსიმალური სანქცია 6-წლიანი პატიმრობაა.

"მერსინ ტურიზმმა" Leogrand-ის მშენებლობაზე $40-მილიონიანი ინვესტიცია ჩადო. სასტუმროში 182 ნომერია, 100-მეტრიან შენობაში კავკასიაში ყველაზე დიდი ფართობის მქონე კაზინოც არის განთავსებული. კომპანიის მფლოებელები თურქეთის მოქალაქეები თოლგა ავგორენი და თილგან არიფაღაოღლუ არიან. ხანძრის შემდეგ, სასტუმროს ადმინისტრაციამ "ლეოგრანდს" სახელი შეუცვალა და "ველმონდი" დაარქვა.

კომენტარები