შავი ზღვის უნივერსიტეტი

ხარისხის ცენტრი IBSU-ზე: ფინანსურმა პრობლემებმა შესაძლოა სასწავლო პროცესი რისკის ქვეშ დააყენოს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შავი ზღვის უნივერსიტეტისათვის სტუდენტების მიღების შეზღუდვის მიზეზებს ხსნის. როგორც ცენტრის განცხადებაში წერია, ფინანსურმა პრობლემებმა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი დგას, შესაძლოა სასწავლო პროცესები სერიოზული რისკების წინაშე დააყენოს. განცხადებაში საუბარია იმ დავალიანებაზე, რომელიც მათი თქმით, უნივერსიტეტს სახელმწიფოს წინაშე აქვს. როგორც ხარისხის ცენტრი განმარტავს,ის სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში უკვე სწავლობენ სასწავლო პროცესს ჩვეულებრივად გააგრძელებენ,იმ აბიტურიენტებს კი რომლებმაც შავი ზღვის უნივერსიტეტი აირჩიეს, სხვა არჩევანის გაკეთება მოუწევთ.

"ფინანსურმა პრობლემებმა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი დგას, შესაძლოა სასწავლო პროცესები სერიოზული რისკების წინაშე დააყენოს. უნივერსიტეტს სახელმწიფოს წინაშე აქვს შეუსრულებელი ფინანსური დავალიანება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისაგან თავის არიდების გამო დაუწესდა; აღნიშნულ რისკებთან დაკავშირებით და პრობლემების მოგვარების მიზნით, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ხარისხის ცენტრსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შორის კომუნიკაცია. ამის მიუხედავად, პრობლემები ვერ მოგვარდა. იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს სტუდენტთა ინტერესები, მათთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით რისკების თავიდან ასაცილებლად, უნივერსიტეტს
სტუდენტების მიღების უფლება 1 წლის ვადით შეეზღუდა. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა ეხებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც წელს აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი. მათთვის გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა გამარტივებული წესით. ისინი აირჩევენ სხვა ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. შესაბამისად, შეძლებენ ახალი სასწავლო წლის შეუფერხებლად დაწყებას. ხარისხის ცენტრი იშუამდგომლებს იმ დაწესებულებებთან, რომლებიც შესაბამისი მიმართულებით ახორციელებენ სასწავლო პროგრამებს. 2018 წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს „შავი ზღვის საერთაშორისო
უნივერსიტეტს“ მიენიჭა ავტორიზაცია და 1 წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტთა მიღების უფლება." - წერია განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს და უსამართლოს უწოდებენ შავი ზღვის უნივერსიტეტის ადმინიტრაციაში, მათ განცხადება ამ თემაზე გუშინ გაავრცელეს.

კომენტარები