შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სანიკიძე IBSU-ზე: საბჭომ ოპტიმალური და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ სანიკიძე ამბობს, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვები ოპტიმალური და კანონიერია. 

"მათ ჰქონდათ გასხვისების, მოლაპარაკების დამდასტურებელი წერილი, სადაც პოტენციური მყიდველი საუბრობს იმაზე, რომ ინსტიტუტის შესყიდვა შედგება, ამ შემთხვევაში ისინი შეისყიდიან არსებული დავალიანებების გამო. დავალიანებაში იგულისხმება გადასახადების გადაუხდელობის გამო ის სანქციები და ჯარიმები, რომელიც ამ ინსტიტუტს დაეკისრა, რომელიც შეუფერებელი თემაა სასწავლო დაწესებულებისთვის. ამ დავალიანების გამო სრულად მთელი აქტივის შენობა, უძრავ-მოძრავი ქონება, წილები არის დაყადაღებული, აქედან გამომდინარე, საბჭომ იმსჯელა და უნივერსიტეტისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც კანონიერია", - თქვა სანიკიძემ რუსთავი 2-თან. 

განათლების ხარისხის ცენტრის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადს ვეღარ მიიღებს.

გადაწყვეტილების მიზეზად უნივერსიტეტისთვის 2013 წელს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმა სახლდება, რომელიც სასწავლებელს გადასახადებისგან თავის არიდების გამო დაუწესდა. IBSU აცხადებს, რომ ჯარიმა სასამართლოშია გასაჩივრებული და წაგების შემთხვევაში, უნივერსიტეტი მზადაა, ის დაფაროს.  

კომენტარები