#MeToo

New York Times: #metoo-ს ლიდერმა 17 წლის ბიჭზე იძალადა და დუმილისთვის ფული გადაუხადა

The New York Times

იტალიელმა მსახიობმა, აზია არჯენტომ, რომელიც მოძრაობა #metoo-ს ლიდერია, არასრულწლოვანზე თავადაც იძალადა, შემდეგ კი დუმილისთვის ფული გადაუხადა. 

ამის შესახებ The New York Times-ი წერს. 

არჯენტო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. თუმცა, ამერიკული გამოცემის ცნობით, 22 წლის მსახიობს და როკ-მუსიკოსს, ჯიმი ბენეტს 380 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა. ბენეტი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ როცა ის 17 წლის იყო, 37 წლის არჯენტომ, რომელიც ახლა 42 წლისაა, მასზე სექსუალურად იძალადა. კალიფორნიაში სექსუალური კავშირი 18 წლის ასაკიდან არის კანონიერი. 

2004 წელს არჯენტომ ბენეტის პერსონაჟის დედის როლიც შეასრულა ფილმში - The Heart Is Deceitful Above All Things

The New York Times-ი აღნიშნავს, რომ გამოცემას ბენეტისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს, რომელთა ავთენტურობაც საქმესთან დაკავშირებულმა სამმა ადამიანმა დაადასტურა. 

გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, 2013 წლის 9 მასს ბენეტი და არჯენტო კალიფორნიაში, რითზ-კარლტონის სასტუმროში შეხვდნენ. მაშინ არჯენტო ინსტაგრამზე წერდა, რომ "თავის დიდი ხნის წინ დაკარგულ შვილს ელოდებოდა". 

შეხვედრაზე ბენეტი თავისი ოჯახის წევრთან ერთად მივიდა, თუმცა არჯენტოს დამსახურებით, ის და ბენეტი მალევე მარტო დარჩნენ. ნიუ იორკ თაიმსი წერს, რომ ბენეტის ჩვენების მიხედვით, ქალმა ის დაათრო, მოულოდნელად აკოცა, ჰქონდა ჯერ ორალური, შემდეგ კი "ჩვეულებრივი" სექსი. 

The New York Times-ისვე ცნობით, დოკუმენტებში არის ფოტოებიც, რომლებიც ბენეტმა და არჯენტომ საწოლში ერთად გადაიღეს. 

My son my love until I will live @jimmymbennett marina del rey 05.2013

A post shared by asiaargento (@asiaargento) on

დოკუმენტებს შორის ერთ-ერთი 2013 წლის ნოემბერში ბენეტის ადვოკატის მიერ არჯენტოს ქმრის, ენტონი ბურდენის ადვოკატისთვის გაგზავნილი წერილია, რომელშიც ეწერა, რომ მსახიობმა ისეთი ტრავმა მიიღო, რომ ამან მის შემოსავალსა და სამუშაოზე, ასევე ფსიქიკაზე იმოქმედა. მაშინ ბურდენის ადვოკატი არჯენტოს ინტერესებსაც იცავდა. 

კომენტარები