კიბერბულინგი

დამცირება, შანტაჟი, მუქარა ინტერნეტში - რა არის კიბერბულინგი და როგორ დავიცვათ თავი

ხატია ღოღობერიძე
0 კომენტარი

კიბერ ბულინგი - ადამიანის დამცირება, ჩაგვრა, შეურაცხყოფა ინტერნეტის საშუალებით. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ამ საფრთხის წინაშე სულ უფრო მეტია ადამიანია, მიუხედავად მისი ცნობადობისა თუ სოციალური სტატუსისა.

ინტერნეტში ხშირად შეხვდებით გვერდებს თუ მომხმარებლებს, რომლებიც სხვების ფოტო-ვიდეოს ან პირად მიმოწერას ასაჯაროებენ. ამას მოჰყვება ამ ადამიანების დაცინვა და შეურაცხყოფა. ხშირ შემთხვევაში, პირადი მიმოწერის ან კადრების მეორე პირის ხელში ჩავარდნა შანტაჟის, მუქარის, დაშინების საფუძველი ხდება.

ხშირად, კიბერბულინგის მსხვერპლები დაუდევრობის ან ნაკლების სიფრთხილის გამო ვხდებით, ხშირად კი ამას სხვა ადამიანების მიერ გავრცელებული ჩვენი პერსონალური ინფორმაცია იწვევს.

რა შეიძლება გამოიწვიოს კიბერბულინგმა, როგორ უნდა ვებრძოლოთ მას და როგორ დავიცვათ თავი?

პრობლემა

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ კიბერბულინგის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა, თუმცა არსებობს გარკვეული სoციალური უნარები, რომლებიც ამის შანსს ამცირებს. მათ შორის არის ადამიანის შესაძლებლობა, თქვას უარი, გაუძლოს ზეწოლას, დარჩეს საკუთარ პოზიციაზე და იყოს თავდაჯერებული. ცხადია, ეს ან ნიშნავს, ასეთი ადამიანი მსხვერპლი ვერ გახდება.

კიბერბულინგს ისეთივე ნიშნები ახასიათებს, როგორიც სხვა სახის ბულინგს, მუქარას, შანტაჟსა და ძალადობას. ფსიქოლოგი ამბობს, რომ მათზე დაკვირვების შედეგად შესაძლებელია მივხვდეთ, რომ ბავშვს დახმარება სჭირდება.

"უფრო გაღიზიანებულია, იოლად ბრაზდება, ჩაკეტილია საკუთარ თავში და მაქსიმალურად არიდებს თავს კომუნიკაციას, რათა მისი შინაგანი მდგომარეობის, საიდუმლოს შესახებ არ გახდეს ცნობილი. გუნება-განწყობის დაქვეითება და იზოლაცია არის ერთ-ერთი ცხადი ნიშანი. ამავდროულად, ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და ყველასა აუცილებლად ერთი და იგივე ნიშნები არ აქვს. ამიტომ, როცა ბავშვის ხასიათი, ინტერესები მკვეთრად იცვლება, ოჯახის წევრი უნდა იყოს ძალიან ფხიზლად", - ამბობს მაია ცირამუა.

ფსიქოლოგის თქმით, სხვა სახის ბულინგის მსგავსად, კიბერბულინგმაც შესაძლოა, ადამიანს ძალიან მძიმე და ღრმა ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენოს. ყველაზე მძაფრი საჯარო "შერცხვენაა", როცა მისთვის ძალიან პირადული სხვა ადამიანებისთვის ხდება მისაწვდომი.

"ეს ჩაგვრა ძალიან ხანგრძლივად მოქმედებს და მინახავს ადამიანები, რომელთა ცხოვრებაზე ბავშვობის ტრავმა 20-30 წლის შემდეგაც ახდენს გავლენას. ეს მოქმედებს თვითშეფასებაზე, რის გამოც საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახერხებენ, რადგან ყველგან წარუმატებლობის, დაცინვის, ჩაგვრის შიში აქვთ. არის შემთხვევები, როცა ადამიანი მარადიულად რჩება მსხვერპლის მდგომაროებაში და სულ ახალი და ახალი ძალადობის სამიზნედ გადაიქცევა ხოლმე. ხდება ისეც, რომ წარშულში მსხვერპლი შემდეგ რევანშს იწყებს, გადადის სხვა სტადიაზე და თვითონ ხდება მოძალადე. ცხადია, არის შემთხვევებიც, როცა ადამიანები უმკლავდებიან ამ ტრავმებს, ეს დამოკიდებულია მათ პიროვნულ რესურსებზე, ასევე, გარშემომყოფებზე", - ამბობს ფსიქოლოგი.

ფოტო: www.europapress.es
არის შემთხვევები, როცა ბულინგის გამო მოზარდები თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას იღებენ. მაია ცირამუას თქმით, გარკვეულ შემთხვევებში ამ განზრახვის შემჩნევაც შესაძლებელია. დამახასიათებელ ნიშნებს შორის შეიძლება იყოს ადამიანებთან ურთიერთობის გაწყვეტა, ორაზროვნად, ხანდახან პირდაპირ საუბარი სუიციდზე, ასევე, მოულოდნელად ყველა სოციალურ ქსელში ანგარიშის გაუქმება.

"ხშირად ახასიათებთ თითქოსდა გამომშვიდობების რიტუალი, მოულოდნელი გულწრფელი საუბარი. ხდება ისეც, რომ ადამიანი რაღაც დროის განმავლობაში ჩაკეტილია საკუთარ თავში, არ კონტაქტობს არავისთან, არ ჭამს და მოულოდნელად ხასიათი გამოუსწორდება. ეს არის ყველაზე საშიში მომენტი. ცხადია, ეს ყველაფერი არ უნდა მივიღოთ ისე, რომ ადამიანს აუცილებლად თვითმკვლელობა აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ როცა ისეთი მკვეთრი ცვლილებაა, თითქოს სხვა ადამიანთან გაქვს ურთიერთობა და ასე გრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს ძალიან საგანგაშო სიგნალებია და აუცილებელია ყურადღება, ამ ადამიანების მხარდაჭერა", - ამბობს მაია ცირამუა.

ფსიქოლოგის აზრით, ქვეყანამ უნდა აღიაროს, რომ ბულინგი, მათ შორის, ინტერნეტ ბულინგი პრობლემაა და დაიწყოს ფიქრი მის შესაძლო შედეგებზე, ასევე, პრევენციაზე. ის ამბობს, რომ ფოტოს ან ვიდეოს გადაღება და შემდეგ ინტერნეტში განთავსება, შანტაჟი სკოლებში ბავშვებს შორის ძალადობის ჩვეულებრივ ფორმად ჩამოყალიბდა.

მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ მოზარდებში ბულინგის დროს არანაკლებ საყურადღებოა მოძალადე.

"ეს ადამიანი გაცილებით უფრო მეტ დახმარებას და ჩარევას საჭიროებს. არის შემთხვევები, რომ ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში, თინეიჯერობაში გამოირჩევიან ძალადობით, მოზრდილ ასაკში კრიმინალურ ქმედებებზეც ხშირად მიდიან. დროული ჩარევა და დამცავი მექანიზმები არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუცილებელია დავეხმაროთ იმ ბავშვსაც, ვინც ძალადობის გარდა, ადამიანებთან ურთიერთობის სხვა რესურსს საკუთარ თავში ვერ პოულობს. ამ ტიპის ქცევების უკან ხშირად ძალიან სერიოზული დრამა, პრობლემები დგას. ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ იმას, რომ მსხვერპლების მაქსიმალურ ვიქტიმიზაციას ვეწევით, რადგან მათთან სწორი ურთიერთობა არ ვიცით და მოძალადის მაქსიმალური დემონიზება ხდება. ეს არ არის გამოსავალი. ორივე მხარეს სჭირდება ძალიან სერიოზული, პროფესიული დახმარება. როცა ბავშვებზეა საუბარი, მხოლოდ პასუხისმგებლობის დაკისრება, სპეციალისტის ჩარევის გარეშე, არანაირ შედეგს არ მოგვცემს და კიდევ უფრო გაბოროტებულ ადამიანებს მივიღებთ", - ამბობს ფსიქოლოგი.

როგორ მოვიქცეთ?

მაია ცირამუა ამბობს, რომ კიბერ თუ სხვა ტიპის ბულინგისგან თავის დაცვისთვის ბავშვებს მშობლები რამდენიმე აუცილებელი სოციალური უნარის გამომუშავებაში უნდა დაეხმარონ. მათ შორის არის უარის თქმა, დახმარების თხოვნა, ასევე, მისი უფლებები და ვის უნდა მიმართოს, თუ ეს უფლებები დაირღვა.

ფსიქოლოგის თქმით, ხშირად, ბავშვები მარტო რჩებიან საკუთარ პრობლემებთან და არ აქვთ მოლოდინი, რომ მშობლები მხარს დაუჭერენ. ფსიქოლოგის აზრით, ბავშვები უნდა გრძნობდნენ, რომ შესაძლოა, მშობლებს კონკრეტული ქცევა არ მოეწონათ, მაგრამ ამის გამო მათი სიყვარული არ შეუწყვეტიათ.

"ხშირად, ჩვენ, მშობლები არ ვეხმარებით ბავშვებს საკუთარი თავის პოზიტიურ შეფასებაში, აღქმაში. მათთან კომუნიკაციას მაშინ ვიწყებთ, როცა რამე არ მოგვწონს. არადა, ზოგჯერ ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ ბავშვი მარტოა და ნიშნებს გვაძლევს, რომ ჩვენთვის აქტუალური გახდეს. ძალიან სერიოზული დაფიქრება გვჭირდება იმაზე, რატომ დავტოვეთ ბავშვი საკუთარ პრობლემებთან მარტო. ყველაფერი იწყება მარტოობისგან, უსიყვარულობისგან, შეზღუდული კომუნიკაციისგან, არ აღიარების შიშისგან. ბავშვს ეშინია, რომ არ აღიარებ, არ მიიღებ. ყველაზე მთავარი მესიჯი, რაც ბავშვებს ჩვენგან უნდა ჰქონდეთ, არის ის, რომ ჩვენ ვართ მათი უპირობო მიმღებლები, რომ ჩვენ ისინი გვიყვარს ყველანაირ მდგომაროებაში. შეიძლება მათი კონკრეტული ქმედებები, ქცევები არ მოგვწონდეს, მაგრამ მათ სიყვარულს არ ვწყვეტთ. ბავშვებს ხშირად არ აქვთ ეს მესიჯები", - ამბობს ის.

გარდა ამისა, ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ როცა ბავშვი ითხოვს დახმარებას, მას მხარდაჭერა სჭირდება და მშობელმა არ უნდა უთხრას, რომ თანატოლებთან პრობლემები თვითონვე მოაგვაროს.

მაია ცირამუას თქმით, ნებისმიერ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან გამკლავების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გარშემომყოფების მხარდაჭერა და ამას ხშირად გადამწყვეტი როლიც კი აქვს.

რაც შეეხება ინტერნეტში უსაფრთხოებას, ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, რომ ბავშვებს ესაუბრონ სიფრთხილეზე, თუმცა ეს არ იყოს დირექტივების მიცემის სახით.

ფოტო: educatolerancia.com
"ინტერნეტს ან კომპიუტერს თუ გავუთიშავთ, პრობლემა უფრო გაღრმავდება. ჩვენ ბავშვები უნდა დავიცვათ ავად მოხმარებისგან და ვასწავლოთ, როგორ გამოიყენონ კაცობრიობის ისტორიაში ეს სერიოზული სიკეთე საკუთარი განვითარებისთვის და არა სხვისი ჩაგვრისთვის. ჩვენც უნდა ავუწყოთ ფეხი ამ ტექნოლოგიებს, არ შეიძლება თანამედროვე მშობელმა არ იცოდეს რა საფრთხეები არსებობს ინტერნეტ სივრცეში, არ იცოდეს კომპიუტერით სარგებლობა, მისი ჩართვა ან გამორთვა. ასე ვერ ვისაუბრებთ ჩვენს შვილებთან ერთ ენაზე და ვერ დავიცავთ მათ საფრთხეებისგან. ხშირად, ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და მშვიდად ვართ, რადგან შვილი მეორე ოთახში კომპიუტერთან ზის. ამ დროს შეიძლება მას სამყარო ექცეოდეს თავზე და ჩვენ ამის შესახებ წარმოდგენა არ გვქონდეს. ნუ შევზღუდავთ ბავშვებთან კომუნიკაციას, ისინი ინტერნეტს ხშირად იმის გამოც ეჯაჭვებიან, რომ არ ჰყავთ გვერდით ადამიანი, ვინც დაელაპარაკება, ვისთანაც ურთიერთობა ექნებათ“, - ამბობს ფსიქოლოგი.

უსაფრთხოება

ვისწავლოთ და ვასწავლოთ ბავშვებს ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება. ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის შესაძლებლობაც გაიზარდა.

იმისთვის, რომ ინტერნეტი უსაფრთხო იყოს, სულაც არაა საჭირო მასზე უარი ვთქვათ. საჭიროა საშიშროების გააზრება და ყურადღება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი აქვეყნებს რეკომენდაციებს, რომლებიც ზოგადად ინტერნეტის და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის მოხმარებისას უნდა გავითვალისწინოთ:

  • თვალყური ადევნეთ თქვენი შვილების ქცევას ონლაინ სივრცეში და მიეცით მათ უსაფრთხოების შესახებ რჩევები;
  • აუხსენით ბავშვებს, რომ არ უნდა განათავსონ ინტერნეტში ისეთი მონაცემები, როგორიცაა სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, პაროლი და სხვა;
  • განუმარტეთ მათ, რომ ქსელში უცნობ ადამიანებთან კომუნიკაცია სახიფათოა (უცნობი შეიძლება იტყუებოდეს და მალავდეს რეალურ ასაკს, ვინაობას). აუხსენით ბავშვებს, რომ დაუშვებელია თქვენი თანხმობისა და მეთვალყურეობის გარეშე ინტერნეტ სივრცის გარეთ უცნობ ადამიანებთან შეხვედრა;
  • დაარწმუნეთ ბავშვები, რომ არ უნდა გახსნან უცხო პირებისგან მიღებული ელექტრონული წერილები და ბმულები, რადგან ისინი შეიძლება შეიცავდეს ვირუსს ან მავნე კოდს;
  • თუ თქვენი შვილები იყენებენ სოციალურ ქსელებს, შეამოწმეთ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პარამეტრები;
  • გააფრთხილეთ ბავშვები, რომ სხვისი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებისას არ უნდა მონიშნონ მომხმარებლის/პაროლის დამახსოვრების ველი (remember me/remember password) და უნდა გამოვიდნენ პროგრამიდან/ქსელიდან (log out) მისი გამოყენებისთანავე;
  • სპეციალური პროგრამების გამოყენებით შესაძლებელია გარკვეულ ვებგვერდებზე წვდომის შეზღუდვა და ინტერნეტ სივრცეში თქვენი შვილების აქტივობების კონტროლი;
  • სოციალური ქსელების უმრავლესობას, მათ შორის ფეისბუქს, აქვს ფუნქცია, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია ჩვენი პოსტები, ფოტოები და ა.შ. მხოლოდ ჩვენთვის სასურველ ადამიანებს გავუზიაროთ. ეს შეიძლება იყოს ერთი ან ბევრად მეტი ადამიანი, დამოკიდებულია ჩვენს სურვილზე.
  • ფეისბუქ ჯგუფებს შორის ბევრი სულაც არ არის უსაფრთხო. დააკვირდით, რამდენი ადამიანი ჯგუფში, სადაც ინფორმაციას აზიარებთ, ასევე იმ ბმულებს, რომლებსაც აქ სხვები აქვეყნებენ.
  • ნუ გამოაქვეყნებთ სხვა ადამიანზე ინფორმაციას სოციალურ ქსელში, თუ ის ამაზე თანახმა არაა ან არ იცის.

სექსტინგი

სექსტინგი არის ინტერნეტის საშუალებით ეროტიული ხასიათის მესიჯების, ფოტოების ან ვიდეოების გაცვლა. ეს დანაშაული არ არის, თუ ორივე ადამიანი საკუთარი სურვილითაა ჩართული.

თუმცა, ფლირტის ეს თითქოსდა უწყინარი ფორმა შეიძლება სახიფათო და კიბერბულინგის საფუძველი აღმოჩნდეს. არ არის გამორიცხული, რომ ფოტოები სხვებს გაუგზავნონ ან ონლაინ გამოაქვეყნონ.

გასათვალისწინებელია, რომ სექსტინგისას ანონიმურობის სრული გარანტია არ არსებობს, თუმცა არსებობს უსაფრთხოებაზე ზრუნვის გზები. პირველი ქართული ვებ-გვერდი სექსუალურ განათლებაზე, "ყველაფერი შენ შესახებ" მკითხველს უსაფრთხო სექსტინგისთვის 6 რჩევას სთავაზობს. მათ შორისაა თანხმობა, პირადი ინფორმაციის დაცვაზე შეთანხმება, მაიდენტიფიცირებელი ნიშნების არარსებობა, კომპიუტერისა და ტელეფონის დაცვა და მათი სწორად მართვა.

გარდა ამისა, ვებ-გვერდი წერს, რომ სექსტური შეტყობინების გაგზავნამდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ:

  • ეს კანონიერია - არასრულწლოვანი (18 წელს ქვემოთ) ადამიანის შიშველი ან სექსუალური ფოტოების გაგზავნა, ფლობა ან გადაღება უკანონოა, თუნდაც ორივე თანახმა იყოთ. არასდროს გაგზავნო, შეინახო ან გადაუგზავნო არასრულწლოვნის შიშველი ფოტო. ზოგან საკუთარი შიშველი ფოტოს გაგზავნაც უკანონოა;
  • ეს ის არის, რაც გინდა - თუ ვინმე გაიძულებს სექსტური შეტყობინების გაგზავნას, როცა შენ ეს არ გინდა ან გემუქრება, გაუზიარო პირადი ფოტოები ან შეტყობინებები, იცოდე, რომ ის არ სცემს პატივს შენს საზღვრებს, რაც არაჯანსაღი ურთიერთობის ნიშანია. ამიტომ არ გაუგზავნო არავის ფოტოები, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა;
  • სხვაგან ხომ არ გააზიარებენ? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველაზე რთულია, რადგან ხშირად არ იცი პასუხი. როდესაც ვიღაცა საკმარისად მოგწონს ან ენდობი, რომ სექსტური შეტყობინება გაუგზავნო, შეიძლება ვერასდროს ვერ წარმოიდგინო, რომ ეს ადამიანი შენს ფოტოებს ან შეტყობინებებს სხვას აჩვენებს. თუმცა ადამიანები ხშირად აკეთებენ იმასაც, რასაც მათგან არ ველოდებით, განსაკუთრებით ჩხუბის ან დაშორების შემდეგ. მათ შენი სექსტური შეტყობინებები შეიძლება სამაგიეროს გადახდის მიზნით გამოიყენონ. შეიძლება განზრახ არც გააზიარონ შენი ფოტოები, მაგრამ მეგობრებმა დაათვალიერონ მათი ტელეფონი, დაკარგოს, მოპარონ ან სულაც დაჰაკონ და შენი ფოტოები ისე გააზიარონ, რომ არც იცოდე და არც თანახმა იყო.

(სექსტინგის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ)

ნებართვის გარეშე სხვისი ფოტოების ან შეტყობინებების გაზიარება პირადი სივრცის უხეში დარღვევაა და თუ საქმე ეხება არასრულწლოვანს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

თანხმობის გარეშე სექსტინგი ძალადობაა. თუ თქვენ გაიძულებენ საკუთარი ფოტოს, ვიდეოს ან ეროტიული მესიჯების გაგზავნას, გემუქრებიან ან გაშანტაჟებენ, აუცილებლად მიმართეთ პოლიციას ან საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. პოლიციას შეგიძლიათ დაურეკოთ ნომერზე 112, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს: 116 111 ან 2 421 422.

და ბოლოს, თუ თქვენ ხართ (კიბერ)ბულინგის მსხვერპლი, ფსიქოლოგი მაია ცირამუა გირჩევთ:

"არ დარჩე მარტო, პირისპირ შენს პრობლემასთან. ყოველთვის მოიძებნება ადამიანი, რომელიც მხარს დაგიჭერს და ყველა სიტუაციიდან მოიძებნება გამოსავალი. შეიძლება სიტუაციიდან ვერანაირ გამოსავალს ვერ ხედავ, რითიც მოძალადე სარგებლობს. არ მისცე მას ამის საშუალება, ილაპარაკე".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები