სანქციები რუსეთს

ჯერემი ჰანტი: ევროკავშირმა რუსეთისათვის დაწესებული სანქციები უნდა გაამკაცროს

0 კომენტარი
ჯერემი ჰანტი ფოტო: AFP

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა ევროპას მოუწოდა მიჰყვნენ აშშ-ის მაგალითს და რუსეთისათვის დაწესებული სანქციები გაამკაცრონ.

მიმდინარე კვირას აშშ-ში ვიზიტისას ჰანტმა რუსეთის მხრიდან დემოკრატიულ ქვეყნებზე თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ ვლადიმირ პუტინმა "მსოფლიო უფრო საშიშ ადგილად აქცია."

"დღეს დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს მოკავშირეებს უზრუნველყონ, რომ რუსეთისათვის დაწესებული სანქციები იყოს ყოვლისმომცველი და მხარდამხარ იდგნენ აშშ-სთან. დარღვევებს ერთხმად უნდა ვუპასუხოთ, სადაც არ უნდა მოხდეს ეს, სოლსბერიში თუ ყირიმში."

ჰანტის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი ლავროვის თქმით დიდ ბრიტანეთს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვ და ცდილობს თავისი პოლიტიკა თავს მოახვიოს ევროპას და აშშ-ს.

"ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს ტოვებს ცდილობს, უკარნახოს ევროკავშირს საგარეო პოლიტიკა. როგორც აღმოჩნდა, მათ სურთ რუსეთთან საკუთარი საგარეო პოლიტიკა თავს მოახვიონ ვაშინგტონსაც." თქვა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-მა სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.

სანქციები გაზის ტურბინიანი ძრავების, ინტეგრირებული მიკროსქემების და საავიაციო ელექტროტექნიკისთვის განკუთვნილი კალიბრაციის აღჭურვილობის ექსპორტს შეეხება და ძალაში 22 აგვისტოდან შევა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით სანქციები ასობით მილიონი დოლარის პროდუქციის ექსპორტს მოიცავს.

ახალ სანქციებს შესაძლოა დამატებითი, უფრო მკაცრი ზომებიც მოჰყვეს, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერება და აეროფლოტისათვის აშშ-ში დაშვების უფლების ჩამორთმევა.

რუსეთის პრემიერმინისტრის, დმიტრი მედვედევის თქმით, თუ აშშ მიზანში რუსულ ბანკებს ამოიღებს რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.

"მე არ მსურს კომენტარის გაკეთება სამომავლო სანქციებზე, მაგრამ შემიძლია ვთქვა ერთი რამ: თუ ბანკების საქმიანობას ან მათ მიერ სხვა ქვეყნის ვალუტის გამოყენებას რაიმე შეზღუდვა შეეხება, შესაძლებელი იქნება ამას პირდაპირ ვუწოდოთ ეკონომიკური ომის გამოცხადება და აუცილებლი იქნება ამ ომზე ეკონომიკური, პოლიტიკური, ან თუ საჭირო გახდა, სხვა მეთოდებით რეაგირება. ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ეს უნდა ესმოდეთ." თქვა მან.

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

150-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, რასაც რუსეთმა იმავე რაოდენობის დიპლომატების გაძევებით უპასუხა.

მაისში, 2-თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს.

ივლისში უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი ასევე ნოვიჩოკით მოიწამლა. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

რუსეთი ორივე ფაქტთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ჰერმან საბო

კომენტარები