სამუშაო კვოტები

მერკელი: შევქმნით სამუშაო კვოტებს საქართველოსა და ბალკანეთის მოქალაქეთათვის

DW

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასმულ კითხვაზე პასუხისას თქვა, რომ გერმანია მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. მერკელის თქმით, შეიქმნება კვოტა საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეთათვის, რათა მათ კონკრეტულ დეფიციტურ პროფესიებზე შეძლონ დასაქმება. 

"ჩვენ ვამზადებთ დარგის სპეციალისტების კანონპროექტს. ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არსებობს დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის და ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით. ჩამოვაყალიბებთ დასაქმების ლეგალურ, სამართლებრივად გამართლებული გზებს. მათ შორის პროფესიული სასწავლებლების მეშვეობითაც, რომ აღნიშნული სკოლები გაძლიერდეს, ამას გარდა, მოხდეს გერმანული ენის სწავლების ხელშეწყობა,"- ოფიციალური თარგმანის მიხედვით, ამბობს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. 

თსუ-ში სიტყვით გამოსვლამდე ანგელა მერკელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გერმანიაში ქართველთა ლეგალურად დასაქმების საკითხი დასვა. ბაქრაძის თქმით, მერკელმა თქვა, რომ გერმანია ამ საკითხზე იმუშავებს. 

"მეორე საკითხი უკავშირდება ქართველების დასაქმებას გერმანიაში და მათთვის კანონიერი, ლეგალური სამსახურის შეთავაზების პერსპექტივას. აქაც კანცლერის პასუხი იყო აბსოლუტურად დადებითი. მან თქვა, რომ გერმანიის მთავრობა იმუშავებს იმ პროფესიების სიის შედგენაზე, სადაც სჭირდებათ კვალიფიციური ქართველი სპეციალისტები. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და არის პირველი ნაბიჯი ქართველებისთვის გერმანიაში ლეგალურად მუშაობის პერსპექტივის შესაქმნელად. გერმანიაში გაჩნდება ლეგალური მუშაობის საშუალება ქართველებისთვის,"- ამბობს ბაქრაძე.

ანგელა მერკელი ოფიციალურ ვიზიტს დღეს ასრულებს. ის რამდენიმე საათში საოკუპაციო ხაზზე გეგმავს მისვლას. მერკელის ვიზიტი თბილისის აეროპორტში "ღირსეული პარტნიორის" მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან შეხვედრით დასრულდება. 

კომენტარები