საქართველოს უზენაესი სასამართლო

კონსენსუსი ვერ შედგა - პრეზიდენტი უზენაესის თავმჯდომარეობის კანდიდატს არ წარადგენს

გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, იმ ვითარებაში, როცა "ქართული ოცნება" უარს კონსულტაციებზე აცხადებს, "კანდიდატის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის, კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტირებული".

"საქართველოს პრეზიდენტს სურდა, შემდგარიყო ფართო კონსენსუსი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ფართო კონსენსუსი საჭირო იყო იმისათვის, რომ კანდიდატურას დამტკიცების შანსი ჰქონოდა, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" ღიად აცხადებდა, რომ ის კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებდა. ანუ ერთადერთი შესაძლებლობა, შანსი, კანდიდატურა საქართველოს პარლამენტში დამტკიცებულიყო, ეს იყო ფართო კონსენსუსი. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა. ფაქტია, ფართო კონსენსუსის გარეშე, კიდევ ერთხელ, როცა "ქართული ოცნება" უარს აცხადებდა კონსულტაციებზე, კანდიდატის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის, კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტიებული. მინდა შეგახსენოთ, რომ დღესაც საქართველოს პარლამენტში წარდგენილია მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი არც კი განიხილავს",- თქვა აბაშიშვილმა.

თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნინო გვენეტაძე 2 აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის აუცილებლობა დაასახელა. 

მას შემდეგ პრეზიდენტი ამ პოსტზე კანდიდატურის შერჩევისთვის სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს აწარმოებდა.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით ირჩევს. ახალი კონსტიტუციით კი, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ შევა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი არა პრეზიდენტის, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით აირჩევს. 

შესაბამისად, ვინაიდან პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებაზე უარს ამბობს, პოსტი ვაკანტური ახალი პრეზიდენტის არჩევამდე და საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე იქნება. 

კომენტარები