შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

IBSU-ს რექტორი: უნივერსიტეტმა ჯარიმა, 715 000 ლარი გადაიხადა

IBSU

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საგადასახადო დავალიანება, 715 000 ლარი გადაიხადა. ახლა უნივერსიტეტი განათლების ხარისხის ცენტრს მოუწოდებს, შეცვალოს გადაწყვეტილება, რომლითაც IBSU-ს 2019 წლამდე სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება შეუზღუდა. 

ამის შესახებ თავად უნივერსიტეტის რექტორმა, ილიას ჩოლოღლუმ თქვა. მისი ვიდეო მიმართვა ფეისბუქზე გამოქვეყნდა. 

ჩოლოღლუ ამბობს, რომ ჯარიმა თავდაპირველად 1 მილიონ-ნახევარი ლარი იყო, თუმცა, სასამართლოში განხილვის შედეგად მან 715 ათას ლარამდე დაიწია, აღნიშნული თანხა კი იმიტომ არ გადაიხადეს, რომ საქმე კვლავ სასამართლოშია.

მან ასევე წარმოადგინა შემოსავლების სამსახურისგან 4 ივლისს მიღებული წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ IBSU-ს ყადაღა უნდა მოეხსნას. 

ჩოლოღლუსვე თქმით, უნივერსიტეტის აქტივები 27 მილიონ ლარს შეადგენს, შესაბამისად, მას 715 000 ლარის გადახდა არ გაუჭირდებოდა და საფრთხე, რომ IBSU მას ვერ გადაიხდიდა, არ არსებობდა, თუმცა, განათლების ხარისხის ცენტრმა არც ერთი ეს გარემოება არ გაითვალისწინა, რამაც უნივერსიტეტს განვითარების საფრთხე შეუქმნა. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დავა არ დასრულებულა და ჯარიმის გადახდის ვალდებულება არ ჰქონია, იბსუ პასუხისმგებლობას გრძნობს იმ აბიტურიენტების წინაშე, ვისაც მათთან სწავლა სურთ.  

განათლების ხარისხის ცენტრის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადს ვეღარ მიიღებს.

გადაწყვეტილების მიზეზად უნივერსიტეტისთვის 2013 წელს დაკისრებული საგადასახადო ჯარიმა სახლდება, რომელიც სასწავლებელს გადასახადებისგან თავის არიდების გამო დაუწესდა. IBSU-მ აღნიშნული ჯარიმა უკვე გადაიხადა. 

კომენტარები