მედიცინა

რამდენად განკურნებადია ტვინის კიბო, რომელმაც იმსხვერპლა მაკკეინი?

0 კომენტარი

2018 წლის 25 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის, სენატორ ჯონ მაკკეინის სიცოცხლე ტვინის კიბოს ყველაზე გავრცელებულმა და აგრესიულმა ფორმამ, გლიობლასტომამ შეიწირა. ამ დაავადების მქონე პაციენტების უმეტესობა დიაგნოზის დასმიდან ორ წელზე ნაკლებს ცოცხლობს. მკურნალობის არსებული მეთოდები, როგორც წესი, უშედეგოა. რატომაა ეს დაავადება ასე მომაკვდინებელი?

გლიობლასტომა პირველი კიბოა, რომელიც აშშ-ს კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მრავალმილიარდიანი პროექტის „კიბოს გენომის ატლასის“ ფარგლებში გამოიკვლიეს. ამ კვლევის შემდეგ მეცნიერებმა გლიობლასტომის შესახებ ბევრი რამ გაიგეს, მაგალითად, რომ გლიობლასტომა ერთი დაავადება არაა.

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტებს გლიობლასტომის ერთი დიაგნოზი შეიძლება ჰქონდეთ და მათი სიმსივნე მიკროსკოპშიც ერთნაირად გამოიყურებოდეს, უჯრედულ და მოლეკულურ დონეებზე ეს კიბოები ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. მათი გამომწვევი  დნმ-ის სხვადასხვა უბნების მუტაციაა, რაც სიმსივნის ზრდის განსხვავებულ ტემპს და ფორმებს განაპირობებს. ერთი და იგივე დიაგნოზის მქონე ადამიანებში მკურნალობის ერთი სტრატეგია იშვიათადაა ეფექტური. გლიობლასტომის მქონე პაციენტებს არსებითად სხვადასხვა დაავადება აქვთ.

ერთმანეთისგან განსხვავდება ერთი კიბოს ცალკეული უჯრედებიც, რაც მათი ზრდის განსხვავებული ტემპის და სხვადასხვა მუტაციების დაგროვების შედეგია. ეს იმას ნიშნავს, რომ მკურნალობის მეთოდი, რომელიც ეფექტურია კიბოს უჯრედების ერთ ნაწილზე, არ მოქმედებს დანარჩენ უჯრედებზე. ეს საშუალებას აძლევს მკურნალობის მიმართ მდგრად, რეზისტენტულ უჯრედებს, რომ გადარჩნენ და განაგრძონ ზრდა, მიუხედავად თავდაპირველი მკურნალობის ეფექტურობისა.

გლიობლასტომის კიდევ ერთი მახასიათებელი მისი ინვაზიური ბუნებაა. გლიობლასტომის უჯრედები გადაადგილდებიან  ჩამოყალიბების თავდაპირველი ადგილიდან მთელ ტვინში; ხშირად ეს ადგილია ჰემატოენცეფალური ბარიერი, ტვინის სპეციალიზირებული უჯრედები, რომლებიც ტვინს საფრთხისგან იცავს.

ქიმიოთერაპიას გლიობლასტომის მქონე პაციენტის სიცოცხლის რამდენიმე თვით გახანგრძლივება შეუძლია, მაგრამ ჰემატოენცეფალური ბარიერი ზოგიერთი წამლის ტვინში შეღწევას ზღუდავს. ამ დროს კი ტვინში უკვე ჩამოყალიბებულია სიმსივნური უჯრედები, რომლებიც რეზისტენტულები არიან იმ წამლის მიმართ, რომელიც ტვინში ვერც კი აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ნეიროქირურგებს გლიობლასტომის ძირითადი ნაწილის მოშორება შეუძლიათ, კიბოს პროექციები ტვინის სხვადასხვა ნაწილებში მაინც რჩება. ტვინში გავრცელებული კიბოს უჯრედების ცალკეული „კუნძულების“ ქირურგიულად მოშორება კი შეუძლებელია. გლიობლასტომის ზრდის შესაფერხებლად ზოგჯერ ეფექტურია სხივური თერაპია, მაგრამ ტვინის დასხივების უსაფრთხო დოზები შეზღუდულია.

დაავადების წარმოუდგენელი სირთულის მიუხედავად, არსებობს პაციენტების მცირე რიცხვი, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადაურჩნენ გლიობლასტომას. სტანდარტული მკურნალობის შემთხვევაში ასეთი პაციენტები ყველა შემთხვევის 9.8 %-ს წარმოადგენს.  ამ პაციენტების უმრავლესობის ასაკი 50 წელს ქვემოთაა, ქირურგიული მკურნალობა დიაგნოზის დასმიდან მალევე ჩაუტარდათ და მათ კიბოს ისეთი მოლეკულური თვისებები ჰქონდა, რომლებმაც ქიმიოთერაპიას შესაძლებელი გახადა.

ფლორიდის უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის პროფესორი, ტვინის კიბოს იმუნოთერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი დუეინ მიჩელი ამბობს, რომ მკურნალობის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა იმუნოთერაპია მომავალში გლიობლასტომის ქმედით მკურნალობას შესაძლებელს გახდის.

ჩვენი ორგანიზმი წარმოქმნის კიბოს უჯრედებს, იმუნური სისტემა კი მათ ვერ აღიქვამს საფრთხედ, ისე როგორც, ვთქვათ, აღიქვამს მიკრობებს. კიბოს იმუნოთერაპია გულისხმობს იმუნური სისტემისთვის იმის სწავლებას, თუ როგორ ამოიცნოს  და ებრძოლოს კიბოს უჯრედებს.

ეს დარგი ახლა იწყებს თავისი პოტენციალის გააზრებას.  მიჩელის თქმით, ადრეული ფაზის კლინიკურ კვლევებში გლიობლასტომის მქონე პაციენტებზე იმუნოთერაპიის ეფექტურობა უკვე დადასტურდა.  ახლა კი ამ მეთოდის გადამოწმებას სრულ-მასშტაბიან კლინიკურ კვლევაში გეგმავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები