ოკუპირებული აფხაზეთი

შამბა: კრიზისიდან თუ ვერ გამოვალთ, მოგვიწევს საქართველოს ან რუსეთს ვთხოვოთ მიგვიღონ

sputnik-abkhazia.ru

ჩვენ ღრმა კრიზისში ვართ და თუ ვითარება არ გამოსწორდება, მოგვიწევს, მუხლებზე დავდგეთ და საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღება ვთხოვოთ, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერმინისტრმა სერგეი შამბამ ოპოზიციური ძალების შეკრებაზე თქვა.

"ბოლო რამდენიმე დღეა პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს სხვადასხვა პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა ერთხმად ამბობს, რომ ვიმყოფებით დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე. როგორ გამოვალთ ამ კრიზისიდან? მე ვერ ვხედავ ვინმეს, ვინც იტყვის რომ ეს ხელისუფლება მდგომარეობიდან გამოგვიყვანს"- თქვა მან. 

შამბას თქმით, აფხაზეთს უპასუხისმგებლო ადამიანები მართავენ და არსებული კრიზისიდან აფხაზეთის გამოყვანა, მხოლოდ ასლან ბჟანიას შეუძლია.

ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

"თუ უახლოეს დროში ამ კრიზისიდან ვერ გამოვალთ, ისეთ უფსკრულში ჩავვარდებით, რომლიდანაც ვერასოდეს ვერ გამოვალთ. მაშინ რაში გვჭირდებოდა ეს ბრძოლა?რისთვის დაიღუპა ამდენი ჩვენი ძმა და მეგობარი? მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ისეთი სახელმწიფო შევქმენით, რომელიც არასოდეს გვქონია. ისეთი თავისუფლება მივიღეთ, რომელიც არასოდეს გვქონია. და ამით სარგებლობა არ შეგვიძლია, რადგან არაკომპეტენტური ხალხია ხელისუფლებაში. ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვართ, რომ ისინი მოვიდნენ. პირველ რიგში კი მე ვარ დამნაშავე. მაგრამ ვიმედოვნებდით, რომ რამეს გააკეთებდნენ. ხელისუფლება უმოქმედოა და  რასაც მე ვხედავ, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, ასლან ბჟანიაა. ხალხს უნდა ავუხსნათ თუ რა ხდება. უნდა ავუხსნათ, რომ ხვალ ტრაგედია გველოდება, ისეთივე, როგორიც მე-19 საუკუნეში მოხდა, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ. კვლავ ყველაფერს დავკარგავთ და მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ. ნუთუ ეს გვინდა? მე ეს არ მინდა, – თქვა შამბამ.

შამბა ამბობს რომ თუ უახლოეს მომავალში კრიზისი არ განეიტრალდება, აფხაზეთი უფსკრულში გადაიჩეხება, საიდანაც თავის დაღწევა ვეღარ მოხერხდება.

 

კომენტარები