გურამ კაშია

მეუფე მალხაზ სონღულაშვილი: კაშიათი თაობები იამაყებენ, გამოვუცხადოთ თანადგომა

მალხაზ სონღულაშვილი

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, თბილელი მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი ფეხბურთელ გურამ კაშიას თანასწორობის ჯილდოს მიღებას ულოცავს და თანადგომას უცხადებს.

"საქართველოს ნაკრების მცველს, ბატონ გურამ კაშიას დაგვიანებით ვულოცავთ უეფას თანასწორობის ჯილდოს მიღებას და ვუსურვებთ ჯამრთელობას და წინსვლას თავის პროფესიულ საქმიანობაში.

ხოლო იმ ადამიანების მაგივრად, ვინც მას ლანძღავს და აგინებს მინდა მე ვითხოვო პატიება და სულგრძელება ფეხბურთელისაგან. გურამ კაშია ისეთი ღირსეული ადამიანია, რომლითაც თაობები იამაყებენ. მიხარია, რომ ჩვენს სამშობლოში ასეთი ადამიანები იბადებიან.

დღეს კი გურამ კაშიასათვის თანადგომის გამოცხადება, ვფიქრობ, თითოელი ჩვენი მოქალაქის ვალია", - წერია წერილში, რომელიც მალხაზ სონღულაშვილმა ტაბულას გამოუგზავნა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ჰომოფობიურად​​ განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი თავდაპირველად მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა.

22 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA-მ კაშიას თანასწორობის ჯილდოც გადასცა. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა.

შედეგად, ფეხბურთელმა ფეისბუქის გვერდი გააუქმა. ასევე, დახურულია მისი ინსტაგრამის პროფილი და ფოტოების ნახვა ყველას აღარ შეუძლია. გუშინ, 28 აგვისტოს კი ინსტაგრამის "სთორიზში" დაწერა, რომ ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას არ ნანობს და სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება, ნაკრებში ითამაშებს. ამას კვლავ მოჰყვა აგრესია. "ქართული მარშის" წევრმა, კონსტანტინე მორგოშიამ კი ფეისბუქზე ვიცე-კაპიტნის მიმართ მუქარის შემცველი პოსტიც გამოაქვეყნა, რის გამოც ის შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

გულშემატკივრებმა კი გადაწყვიტეს, რომ კაშია მხარდაჭერით გაამხნევონ და ინსტაგრამის სთორიზში აქვეყნებენ მის ფოტოს წარწერით - გურამ, შენთან ვართ.

კომენტარები