ირაკლი კობახიძე

კობახიძე: მერკელმა იმთავითვე თქვა, რომ საქართველოს ოცი პროცენტი ოკუპირებულია

პარლამენტის პრესსამსახური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა იმთავითვე აღნიშნა, რომ საქართველოს ოცი პროცენტი ოკუპურებულია, თუმცა არასწორი თარგმანის გამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრის დროს გარკვეული უხერხულობა შეიქმნა. მისივე თქმით მერკელი გაკვირვებული დარჩა როდესაც ეს კითხვა კვლავ დაუსვეს, ხოლო საზოგადოებამ ისე გაიგო, თითქოს ის თავს იკავებდა და იძულებული გახდა გამოეყენებინა ტერმინი ოკუპაცია:

"შეიქმნა გარკვეული უხერხულობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალბატონი ანგელა მერკელის შეხვედრის დროს. კერძოდ, რამდენჯერმე დაისვა კითხვა ომთან დაკავშირებით, ოკუპაციასთან დაკავშირებით და საინტერესო იყო ის, რომ ქალბატონმა მერკელმა თავიდანვე გასცა საზოგადოებას ის პასუხი, რომელსაც ჩვენ მოველოდით. კერძოდ, მან იმთავითვე აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი არის ოკუპირებული, თუმცა თარგმანი იყო განსხვავებული, სიტყვა არასწორად იყო ნათარგმნი - ნაცვლად ოკუპაციისა ითქვა სიტყვა დაკავებული, რამაც გამოიწვია გაურკვევლობა.

ქალბატონი მერკელი დარჩა გაკვირვებული, როდესაც მას კიდევ ერთხელ დაუსვეს ეს კითხვა, თან კონკრეტული ფორმით. მას უკვე ჰქონდა ნათქვამი, რომ ოცი პროცენტი არის ოკუპირებული და მას მოუწია ამის გამეორება. სამწუხაროა, რომ სხვანაირად მოხდა ამის მიწოდება საზოგადოებისათვის. საზოგადოებამ ისე გაიგო, რომ თითქოს თავს იკავება ქალბატონი მერკელი ამ ტერმინების გამოყენებისაგან და თითქოს ის იძულებული გახდა გამოეყენებინა ეს ტერმინოლოგია, რაც არ არის სწორი, არ არის სამართლიანი პირველ რიგში ქალბატონი მერკელის მიმართ, რომელმაც გამოხატა ძალიან მყარი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელმაც ზუსტად შეაფასა ის მოვლენა, რასაც ჰქვია ოკუპაცია და მან იმთავითვე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი არის ოკუპირებული." თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ევროპული საქართველოს წევრმა კონსტანტინე შუბითიძემ ანგელა მერკელს ჰკითხა, რატომ არ იყენებს ის ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებით სიტყვას "ოკუპაცია". 

„კითხვებზე პასუხის გაცემის დროს ორი დღეა უკვე იყენებთ შეფასებას - „უსამართლო მდგომარეობა“, არ იყენებთ სიტყვა ოკუპაციას. ტერმინ „ოკუპაციასთან“ რამე პრობლემა არის თუ რატომ არ იყენებთ? რატომ არ აფასებთ ცხინვალსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს როგორც „ოკუპაციას?", - იკითხა შუბითიძემ. 

პასუხად გერმანიის კანცლერმა თქვა:

"ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, ეს არის ჩემი პასუხი. მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, 20% და ეს რჩება უდიდეს და უხეშ უსამართლობად".

კომენტარები