მიგრაცია

კალაძე სამიგრაციო კანონის გამკაცრებას ითხოვს, მისი თქმით "კარუსელი ტრიალებს"

0 კომენტარი
ფოტო: Kakha Kaladze/Fb.com

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე სამიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს. მისი თქმით, ნორმა რომელიც დღეს მოქმედებს, ვერ იცავს ქვეყანას სამიგრაციო "კარუსელისგან". საუბარია ერთწლიანი ბინადრობის ნებართვებზე, რომელსაც უცხოეთის მოქალაქეები იღებენ იმ წინაპირობით თუ საქართველოში შეიძენენ $35,000 ღირებულების უძრავ ქონებას. კალაძის თქმით, ეს მოთხოვნა $100,000-მდე უნდა გაიზარდოს. 

"არსებული კანონმდებლობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35,000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ერთწლიანი ბინადრობის უფლებას იღებს, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვა უცხოელს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას, ფიქტიურად გადააფორმებს სხვაზე და ახორციელებს ე.წ. კარუსელს, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი უძრავი ქონებით შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით ბინადრობის მოწმობების გაცემა უცხოელებისთვის,"- ამბობს კალაძე.

კალაძის თქმით, ის ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატ ილია წულაიას ესაუბრა. 

"ინიცირებული გვაქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნება 100 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთწლიანი ბინადრობის უფლება, გაასხვისებს ან გადასცემს სხვას თავის ქონებას, იგი დაკარგავს ბინადრობის უფლებას,"- ამბობს კალაძე.

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მიხედვით ერთწლიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა შემდეგნაირად:

"D5 კატეგორიის − პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, და მისი ოჯახის წევრებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი."

მიგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყებები იუსტიციის სამინისტრო და შსს არიან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები