პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია

დროებითმა საპარლამენტო კომისიამ მ.კ-ს მიერ ე.წ. ტარის ფლობაზე ახალი გარემოებები გამოავლინა

პარლამენტი

დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ესწრებოდნენ.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები - თუ რა მოხდა 1 დეკემბერს ხორავას 4-ის ეზოში.

დასკვნაში აღწერილია ახალი გარემოებები რომელიც დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის - მ.კ.-ს როლს ეხება.

კომისიის დასკვნის მიხედვით, მოიპოვეს ჩვენებები, რომლითაც მ.კ.-ს მხრიდან გარკვეული საგნის, ე.წ. ტარის ქონა და ჩხუბისას მისი გამოყენება დასტურდება.

კომისიის მტკიცებულებების მიხედვით, აღნიშნული საგანი მ.კ.-მ დავით სარალიძესთან ფარდულში ჩხუბისას გამოიყენა, ჩხუბის შემდეგ კი 51-ე სკოლის წინ მეგობრებს აჩვენა და უთხრა, რომ ამ საგანს სარალიძეს ურტყამდა.

კომისიამ მოწმეებისაგან მოიპოვა აღნიშნული საგნის ესკიზი და ამასთანავე, საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აჩვენებს მ.კ. მის მეგობრებს აღნიშნულ საგანს.


კომისიის მიხედვით, ჩანაწერი გამოძიებისთვის საწყის ეტაპზევე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა კომისიის შექმნამდე გამოძიებას და პროკურატურას ეს დეტალი არ დაუფიქსირებია. კომისიამ ამ მტკიცებულების მოპოვებისთანავე შსს საქმის კურსში ჩააყენა და დროული რეაგირებისაკენ მოუწოდა.

კომისიის მიხედვით ეს გარემოება კიდევ უფრო ამყარებს მათ შუალედურ რეკომენდაციას მ.კ-ს წინააღმდეგ არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე.

კომენტარები