ხორავას ქუჩის კომისია

რა დასკვნა შესთავაზა ხორავას ქუჩის კომისიას საპარლამენტო უმრავლესობამ - მოკლედ

იმედინიუსი

ხორავას ქუჩის დანაშაულის შემსწავლელ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ დასკვნის ვარიანტი წარადგინა როგორც კომისიის უმრავლესობაში მყოფმა საპარლამენტო უმცირესობამ, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა. კომისიის უმრავლესობამ, როგორც მოსალოდნელი იყო, 5 სექტემბერს კენჭისყრის შედეგად საპარლამენტო უმცირესობის წარდგენილი დასკვნა დაამტკიცა. კენჭი ეყარა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეთავაზებულ დოკუმენტსაც.

იხილეთ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეთავაზებული დასკვნის ამონარიდები მოკლედ:

  • საქმის გამოძიების პროცესში არ ჩატარდა ან დაგვიანებით ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა, აღნიშნულს არ მოუხდენია გავლენა საქმის გამოძიების საბოლოო შედეგზე
  • მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლას რომელიმე უწყების მხრიდან ან/და პოლიტიკური მოტივით ადგილი არ ჰქონია
  • გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საგამოძიებო და საგანმანათლებლო სფეროში საჭიროა ცვლილებების განხორციელება როგორც საკანონდებლო დონეზე, ისე პრაქტიკაში

კენჭისყრამდე საპარლამენტო უმცირესობის მომზადებული დასკვნის ნაწილები გამოქვეყნდა და რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილებოდა. იხილეთ ვიდეო, რომელიც მოიცავს ძირითადი მიგნებების და რეკომენდაციების მნიშვნელოვან ნაწილებს.

საპარლამენტო უმცირესობა კომისიის დასკვნის სრულ ტექსტს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

კომისიამ მუშაობა დაასრულა, დასკვნის ტექსტი კი პარლამენტში ბიუროზე იქნება წარდგენილი.

კომენტარები