ხორავას ქუჩის კომისია

ხორავას ქუჩის საპარლამენტო კომისიამ საპარლამენტო უმცირესობის დასკვნა დაამტკიცა

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

ხორავას ქუჩის დანაშაულის შემსწავლელ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ დასკვნის ვარიანტი წარადგინეს როგორც კომისიის უმრავლესობაში მყოფმა საპარლამენტო უმცირესობამ, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა. კომისიის უმრავლესობამ 5 სექტემბერს კენჭისყრის შედეგად საპარლამენტო უმცირესობის წარდგენილი დასკვნა დაამტკიცა. კენჭი ეყარა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეთავაზებულ დოკუმენტსაც.

საპარლამენტო უმცირესობამ კენჭისყრამდე დასკვნის ნაწილები გამოაქვეყნა, დამტკიცებული დოკუმენტის სრული ვერსია ჯერ არ გამოქვეყნებულა. 

დასკვნის აქამდე გავრცელებული ნაწილების მიხედვით, კომისიამ საქმის მასალების გაცნობისა და გამოძახებულ პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად დაადგინა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საწყის ეტაპზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, ოპერატიულად მოხდა ჩხუბის მონაწილეების იდენტიფიცირება, მაგრამ საქმეში ა.ს.-ს მამის, მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად, იმ განზრახვით, რომ პასუხისმგებლობა მომხდარ მკვლელობებზე დაკისრებოდათ მხოლოდ გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს, ამასთან დაფარულიყო მ.კ.-ს და სხვა ფიგურანტების როლი დავით სარალიძის მკვლელობაში.

კომისიის მიერ გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს პროკურატურის მოტივაციაზე - მიეჩქმალათ მ.კ.-ს როლი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში და იგი ჩაენაცვლებინათ გ.ბ.-ით, რომელსაც ისედაც უმტკიცდებოდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობა.

ასევე, დასკვნის მიხედვით, აშკარად იკვეთება, რომ საგამოძიებო უწყებები ცდილობდნენ მიეჩქმალათ მირზა სუბელიანის მონაწილეობა დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობასა და მტკიცებულებების განადგურებაში. ასევე, მათ არ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, რასაც, შესაძლოა, დანაშაულის ჩადენაში ემხილებინა მ.კ., ა.ს. და სხვა ფიგურანტები.

დარღვევებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ:

გამოძიებამ ხელი დააფარა მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს, რაც გამოიხატა მიკერძოებულად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში;

გამოძიებამ არ გადაამოწმა დანაშაულში მ.კ.-ს მონაწილეობის ვერსია და, მიუხედავად, მტკიცებულებათა ერთობლიობისა, პროკურატურამ მას ბრალი არ წარუდგინა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში;

გამოძიებამ არ გამოავლინა საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოება - მ.კ.-ს მიერ ჩხუბის დროს ე.წ. „ტარის“ ქონა, და დავით სარალიძის წინააღმდეგ მისი გამოყენება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, ქმედებებზე გამოძიების დაწყების რეკომენდაციით გამოდის.

საპარლამენტო უმცირესობისა და კომისიის წევრის, ოთარ კახიძის თქმით, კომისიამ მიიჩნია, რომ:

„ყოფილი მთავარი პროკურორის ქმედებებში იკვეთება როგორც სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები, რაც გამოიხატა მისი სამსახურებრივი ვერტიკალის ქვეშ მოქმედი პროკურორების არაჯეროვან კონტროლში, ისე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნები, რადგან გამოძიება იყო აშკარად ტენდენციური მირზა სუბელიანისა და მისი ოჯახის წევრებისადმი“.

კომისიის მუშაობის დასასრულს საქმეზე განსხვავებული დასკვნის ვარიანტი წარადგინა საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელიც კომისიის უმრავლესობამ არ გაიზიარა.

მათი დასკვნით:

  • საქმის გამოძიების პროცესში არ ჩატარდა ან დაგვიანებით ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა, აღნიშნულს არ მოუხდენია გავლენა საქმის გამოძიების საბოლოო შედეგზე
  • მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლას რომელიმე უწყების მხრიდან ან/და პოლიტიკური მოტივით ადგილი არ ჰქონია
  • გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საგამოძიებო და საგანმანათლებლო სფეროში საჭიროა ცვლილებების განხორციელება როგორც საკანონდებლო დონეზე, ისე პრაქტიკაში

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები